ჩოგბურთი

0:29 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა და ტატიშვილი ბეატრიზების წინააღმდეგ

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ფლორიდაში რჩება და მიმდინარე კვირაში სანრაისის 25-ათასიან ტურნირში ითამაშებს, სადაც მე-2 ნომრად აწ უკვე აშშ-ს სახელით მოასპარეზე ანა ტატიშვილია განთესილი.

შაფათავა პირველ რაუნდში ბრაზილიელ ბეატრიზ ჰადად მაიას გაეჯიბრება, ტატიშვილის მეტოქე კი ესპანელი ბეატრიზ გარსია-ვიდაგანი იქნება. თუკი სოფომ და ანამ წარმატებული გზა განვლეს, ისინი ერთმანეთს ნახევარფინალში გადაეყრებიან.

წყვილთა ტურნირში შაფათავა ბრიტანელ ემილი უებლი-სმიტთან ერთად მე-4 ნომრადაა განთესილი და ძალებს ამერიკული დუეტის (დაბინსი-რიცოლო) წინააღმდეგ მოსინჯავს.

წინა კვირაში ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული სოფო ქვაცაბაია იქვე რჩება და მორიგ შეჯიბრში მე-6 განთესვით ჩაებმება. საწყის რაუნდში ქვაცაბაია კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ჩინელ იია შაოს დაუპირისპირდება.

ანტალიაშივე პირველ ნომრად მიჩნეული ეკატერინე გორგოძე ასევე ჩინელ იინ ჟანგს გაეჯიბრება.

წყვილებში ქართველ ჩოგბურთელებს პირველი განთესვა გააჩნიათ. სოფო და ეკატერინე პირველ წრეში “უაილდ ქარდის” მქონე გერმანელებს – ერკენსს და ლანდენერს ეთამაშებიან.

დასასრულ, ტუნისის ქალაქ ელ კანტაუიში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზეც ვთქვათ, სადაც ძალებს თამარ ჭალაგანიძე და მარიამ ბოლქვაძე სცდიან.

ჭალაგანიძე კვალიფიკაციაში ჩაერთო და ბრიტანელ მირაბელ ნჯოზესთან 0:6, 0:6 დამარცხდა, ბოლქვაძე კი ძირითად ბადეშია დაშვებული და მე-8 ნომრად განთესილ ბელგიელ მარი ბენუასთან შეხვედრა ელის.

წყვილებში ბოლქვაძე და უნგრელი შლავიკოვიჩი პორტუგალიელებს – ფერნანდეშს და გასპარს გაეჯიბრებიან, ხოლო ჭალაგანიძე და ესპანელი სანჩეს-კუინტანარი – პირველი რეიტინგის მქონე ბულგარელ შინიკოვას და სლოვაკ სკამლოვას.

0.064842