ამერიკელი დები უილიამსები ავსტრალიის ღია პირველობაზე დამაჯერებლად ირჯებიან და თუკი თითო ბარიერიც დასძლიეს, ნახევარფინალიში ერთმანეთის პირისპირ დადგებიან.
მეოთხედფინალში დებს სამსეტიანი მატჩების ჩატარება მოუწიათ. ვენუსმა, რომელიც გრანდ სლემის ტურნირების შვიდგზის გამარჯვებულია, ამ რანგის შეჯიბრების მეოთხედფინალში ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გააღწია.
34 წლის უფროსი ვილიამსი მე-6 განთესვის მქონე პოლონელ აგნეშკა რადვანსკასთან ფავორიტი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, დიდი შრომა გასწია და 6:3, 2:6, 6:1 იმარჯვა. ვენუსის შემდეგი მოწინააღმდეგე მისივე 19 წლის თანამემამულე მედისონ კეისი იქნება. ამ უკანასკნელმა კიდევ ერთ ამერიკელ მედისონ ბრენგლეს იოლად აჯობა – 6:2, 6:4.
ესპანელ გარბინ მუგურუზასთან პირველი სეტი უიმედოდ დათმო მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა, შემდეგ კი გარდატეხა შეიტანა და 2:6, 6:3, 6:2 მოიგო. მეოთხედფინალში სერენას გაცილებით ძლიერი მეტოქე ელის დომინიკა ციბულკოვას სახით. სლოვაკი ჩოგბურთელი ჩინებულ კონდიციებში იმყოფება და ნელ-ნელა ფორმაში შესული ბელარუსი ვიკტორია აზარენკა 6:2, 3:6, 6:3 დაამარცხა.
ქალთა მეოთხედფინალები ხვალ დილით აიღებს სტარტს და ორივე მატჩში რუსი ჩოგბურთელები ითამაშებენ. ეკატერინა მაკაროვა რუმინელ სიმონა ჰალეპს გაეჯიბრება, ხოლო მარია შარაპოვა – კანადელ ეჟენი ბუშარს.