ჩოგბურთი

20:36 | 26.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფავორიტები სრული სვლით

ავსტრალიის ღია პირველობის ვაჟთა ბადეში ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა. მომდევნო ეტაპზე ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – მილოშ რაონიჩს (კანადა) ეთამაშება, სტენ ვავრინკა (შვეიცარია) – კეი ნიშიკორის (იაპონია), ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი) – რაფაელ ნადალს (ესპანეთი), ხოლო ენდი მიურეი (დიდი ბრიტანეთი) – ნიკ კირგიოსს (ავსტრალია).

მსოფლიოს პირველ ჩოგანს ლუქსემბურგელ ჟილ მიულერთან პრობლემები არ შექმნია და სამ სეტში – 6:4, 7:5, 7:5 იმარჯვა. ჯოკოვიჩი მეოთხედფინალშიც აშკარა ფავორიტი იქნება, რადგანაც მისმა მომავალმა მეტოქე რაონიჩმა დიდი ბრძოლა გადაიტანა. კანადელი ჩოგბურთელი ესპანელ ფელისიანო ლოპესს სამ საათზე მეტხანს “ეჭიდავა” და 6:4, 4:6, 6:3, 6:7 (7:9), 6:3 მოიგო.

დღის კიდევ ერთ მატჩში “აუსტრალიან ოუფენზე” მე-5 ნომრად განთესილმა ნიშიკორიმ ჟილ სიმონთან შერკინებაში გათანგული დევიდ ფერერი “გამოიჭირა” და სამივე სეტში ერთნაირი ანგარიში დაუფიქსირა – 6:3, 6:3, 6:3. თამაშის შემდეგ, იაპონელი ცოტა გაკვირვებულიც კი იყო, როგორც წესი, ფერერთან ხუთსეტიანი მატჩები მაქვს, დღეს კი, ყველაფერი იდეალურად გამოვიდაო.

27 იანვრის დილას ვაჟთა მეოთხედფინალურ სერიას ნადალის და ბერდიხის უზომოდ საინტერესო მატჩი გახსნის, მათ კვალად კი კორტზე მასპინძელთა ბოლო იმედ – კირგიოსს და მე-6 განთესვის მქონე მიურეის ვიხილავთ.

0.126571