ფეხბურთი

13:39 | 26.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

გვალია და გორელიშვილი “დილას” დაუბრუნდნენ

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ მეორე ადგილზე მყოფ გორის “დილას”, ნახევარმცველი ლაშა გვალია და თავდამსხმელი მიხაილ გორელიშვილი დაუბრუნდნენ. მათ კვირას ინდივიდუალურად ივარჯიშეს და უახლოეს ხანში კლუბთან კონტრაქტსაც გააფორმებენ.

გვალიასთვის და გორელიშვილისთვის “დილა” უცხო არაა, რადგან 2012-2013 წლების სეზონში გორელთა ღირსება ერთად დაუცავთ. მიმდინარე სეზონის პირველი წრე გვალიამ “ზესტაფონში” გაატარა, ხოლო გორელიშვილმა რუსეთის პირველი დივიზიონის “ტოსნოში”.

“დილას” ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში ორივემ აღნიშნა, რომ მწვრთნელისა და გულშემატკივრის ნდობის გამართლებას ეცდებიან.

მიხაილ გორელიშვილი: “გორის “დილასთან” ძალიან თბილი მოგონება მაკავშირებს. ბოლო პერიოდში გუნდი შიდა ჩემპიონატსა და ევროტურნირებზე კარგ შედეგს აჩვენებს. გულშემატკივართან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და მაქვს. მათი მოლოდინის გამართლებას შევეცდები. “დილაში” ხელმძღვანელობა შეიცვალა და მახარებს ის ფაქტი, რომ ახალგაზრდა ამბიციური მწვრთნელი ახალგაზრდა ფეხბურთელებს ენდობა”.

ლაშა გვალია: “დილაში” დაბრუნება მახარებს. კლუბს დიდი ისტორია აქვს. შეიძლება ითქვას, რომ საფეხბურთო სამყარომ “დილაში” ასპარეზობისას გამიცნო. გუნდს ყოველთვის დიდი ამბიცია ჰქონდა და დღესაც ასეა. შევეცდები, რომ მიზნების მიღწევაში მაქსიმალურად დავეხმარო. “დილას” გულშემატკივარი ძალიან კარგად მახსოვს. მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდით. გუნდში ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ. მათთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და შევეცდები გულშემატკივრის იმედი გავამართლო“.

0.125327