ფეხბურთი

13:21 | 26.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძის დუბლი, ქართველთა ტაიმები უკრაინულ კლუბებში

ბაქოს “ინტერმა”, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი კახა ცხადაძე წვრთნის, თურქული შეკრებაზე სამხრეთ კორეის “ჯეჯუ იუნაიტედთან” 4:3 მოგებული ამხანაგური მატჩით დაასრულა. ამ შეხვედრაში ბაჩანა ცხადაძემ დუბლი შეასრულა. ქართველმა თავდამსხმელმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა. მცველმა ლაშა სალუქვაძემ “ინტერში” შეუცვლელად ითამაშა, მეკარე გიორგი ლომაიამ მეორე ტაიმი იასპარეზა, უკანახაზელი ალექსანდრე ამისულაშვილი კი ტრავმირებულია.

21 წლის ფორვარდ გიორგი ფანცულაიას, რომელიც უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის დონეცკის “ოლიმპიკში” ისინჯებოდა, კიევში მიმდინარე მაკაროვის მემორიალზე ჯგუფის ბოლო შეხვედრაში “კოლოსთან” (3:4) და მეოთხედფინალში უკრაინის სტუდენტთან ნაკრებთან (0:0, 4:2 პენ.) არ უთამაშია. რაც შეეხება ზაურ მახარაძეს, უკრაინული პასპორტის მქონე მეკარემ “კოლოსთან” მოედანზე ბოლო ნახევარი საათი დაჰყო, ხოლო მეოთხედფინალში სასტარტოში იყო, მაგრამ 58-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს. “ოლიმპიკი” მაკაროვის მემორიალის ნახევარფინალში გავიდა.

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა უზბეკეთის ჩემპიონმა ტაშკენტის “ფახთაქორმა”, რომელსაც კახა მახარაძე კაპიტნობს, ამხანაგური მატჩი უკრაინულ დონეცკის “მეტალურგთან” ჩაატარა და 1:2 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს.

უკრაინის პრემიერლიგაში მოასპარეზე ლუნაგსკის “ზორია”, რომელიც ასევე თურქეთში ემზადება, სპარინგში პოლონეთის “შლიონსკის” დაუზავდა – 1:1. ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ ლუგანსკელებში მეორე ტაიმი ჩაატარა.

ზაპოროჟიეს “მეტალურგმა” თურქულ შეკრებაზე თურქმენეთის “ალტინ ასირთან” ამხანაგური შეხვედრა 1:1 დაასრულა. ქართველმა მარცხენა მცველმა გიორგი ჯგერენაიამ უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენელში მეორე 45 წუთი იასპარეზა.

0.118562