კალათბურთი

17:18 | 25.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

„ბ“ ჯგუფში „რუსთავი“ დაწინაურდა

მიხეილ ქორქია-ზურაბ საკანდელიძის მემორიალზე „ბ“ ჯგუფიდან პარკეტზე პირველები „რუსთავი“ და „სოხუმი“ გავიდნენ. ამ წყვილში ფავორიტად ქვემოქართლელები ითვლებოდნენ, რადგან მიხეილ ბერუაშვილის შეგირდები მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში მხოლოდ ერთპიროვნულ ლიდერ „დინამოს“ ჩამორჩებიან, ხოლო ზღვისპირელები „მგზავრები არმიასთან“ ერთად ბოლო და ბოლოსწინა ადგილებს ინაწილებენ. ფავორიტად მიჩნეულმა „რუსთავმა“ საკმაოდ იოლად, 72:56 შეძლო მეტოქის დამარცხება და „ბ“ ჯგუფის ლიდერი გახდა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ახალწვეულ ლეგიონერს ჰქონდა დებიუტი. რუსთაველთა შორის უკანახაზელმა ტერენს ოგლესბმა, ხოლო სოხუმელთა შორის ასევე უკანახაზელებმა ჩარლს გილმორსმა და პელე ბალა პაელაიმ იასპარეზეს.

დებიუტანტი ლეგიონერებიდან ძალიან სუსტად გამოიყურებოდა გილმორსი, რომელიც ზღვისპირელებს კინკილა ქულით შეეწია. რაც შეეხება ოგლესბსა და პელეს, მათ ბევრად უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს და თანაგუნდელთა მარაგს 14-14 ქულა შემატეს.

ამ შეხვედრაში საუკეთესო იყო რუსთაველთა ცენტრალური თავდამსხმელი აკაკი დვალიშვილი, რომელმაც 25 ქულითა და 23 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. რაც შეეხება სოხუმელებს, მათ შემადგენლობაში 18 ქულით ბომბარდირი გუნდის კაპიტანი ირაკლი ჩლაიძე გახდა.

ამჟამად მიმდინარეობს „ქუთაისი-2010“-სა და „ოლიმპის“ შეხვედრა.

1.2672