ფეხბურთი

21:53 | 24.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" "ცხინვალს" აჯობა

საფეხბურთო კლუბმა "საბურთალომ" წლეულს პირველი მატჩი გამართა - "ბენდელაზე" უმაღლესლიგელ "ცხინვალს" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

პირველმა ტაიმმა ორმხრივ იერიშებში ჩაიარა, თუმცა ისე მოხდა, რომ "საბურთალომ" სახიფათო მომენტების რეალიზება შედეგიანად მოახდინა, რამაც განაპირობა მისი გამარჯვება.
მატჩის დებიუტში ფლანგიდან ნოდარ იაშვილმა გარღვევა განახორციელა, საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ მეკარემ ბურთი უხერხულად მოიგერია და კარებში აღმოჩნდა, 1:0. 25-ე წუთზე დაცვაში შეცდომის შემდეგ სტუმარ ლექვთაძეს მართებდა გათანაბრება, მაგრამ რამდენიმე მეტრიდან ბურთი კარს ააცილა. მალევე კი უკვე "საბურთალოს" შეეძლო ანგარიშის გაზრდა - ხარაიშვილის სტანდარტულის შემდეგ ბურთი ხარიხამ აისხლიტა, გადმოვარდნილზე კი ყველას ახალწვეულმა დავით ჯიქიამ დაასწრო, კარშიც დაარტყა, მაგრამ გოლკიპერმა ნადირაძემ რეაგირება მოასწრო და ფორვარდს რ გაატანინა. 42-ე წუთზე გიორგი ჭიაბრიშვილის ბიჭებმა ანგარიში მაინც გაზარდეს - სანდრო ალთუნაშვილის შორეული დარტყმის შემდეგ, ბურთს მიმართულება ბექა გვარაძემ შეუცვალა და ისე გაეხვა ბურთი მეტოქის კარში. ტაიმის მიწურულს თავისიანები გაშვებული გოლისგან უკვე ბექა ქურდაძემ იხსნა, როდესაც რთულად ასაღები ბურთი მოიგერია.
მეორე ნახევარში, როგორც ერთმა, ასევე მეორე გუნდის მწვრთნელებმა სათადარიგოთა სკამზე მჯდომ ფეხბურთელებსაც მისცეს თავის გამოჩენის საშუალება. ამხანაგურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა ჭაჭიაშვილმა და სოფრომაძემ,რომლებსაც ჩვენი კლუბის სამწვრთნელო შტაბი აკვირდება. რაც შეეხება შიხაშვილს - ახალბედა, პერსპექტიული ფეხბურთელი "საბურთალოს" ჭაბუკთა გუნდში (1999 წლიანებში) ასპარეზობს და მწვრთნელებიც თავის გამოჩენის საშუალებას აძლევენ. 15 წლის მცველისთვის ძალიან დიდი გამოცდილება, როდესაც პირველ გუნდში, ძირითად შემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობ. იმედია, ჭაბუკი ფეხბურთელი კარგად წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს და მწვრთნელების ნდობას გაამართლებს.
მეორე ტაიმის საწყის წუთებზე გიორგი ხარაიშვილმა სამბურთიანი ჰანდიკაპი დააფიქსირა. ერთადერთი, რაც "ცხინვალის" ფეხბურთელებმა მოახერხეს, ეს პრესტიჟის გოლის გატანა იყო. 56-ე წუთზე ცხინვალელთაგან თავი ახვლედიანმა გამოიჩინა.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას "საბურთალო" 30 იანვარს, ასევე "ბენდელაზე" გამართავს - მეტოქე ამჯერადაც უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი, ბოლნისის "სიონი" იქნება. მატჩი 13:00 საათზე დაიწყება.

24 იანვარი. "ბენდელა". ამხანაგური მატჩი
საბურთალო - ცხინვალი 3:1 (2:0)
საბურთალო: ქურდაძე, ტაბიძე, იაშვილი, ნადარაია, თევზაძე, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, გვარაძე, ალთუნაშვილი, გოშთელიანი, ჯიქია.
მეორე ტაიმში შევიდნენ: ბარამიძე, ბლიაძე, ბეროშვილი, შიხაშვილი, ჭაჭიაშვილი, სოფრომაძე.
ცხინვალი: ნადირაძე, ბურძენაძე, მახარობლიძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, ბაჩიაშვილი, ნ. ჯიშკარიანი, ლექვთაძე, მარკოზაშვილი, შინდაგორიძე, ინჯიბაშვილი.
მეორე ტაიმში შევიდნენ: ნანიევი, მთივლიშვილი, გიორგაძე, ცერცვაძე, მალანია, კემუხტაშვილი, მ. ჯიშკარიანი, ახვლედიანი, მაკასარაშვილი.
გოლები: 1:0 იაშვილი (8), 2:0 გვარაძე (42), 3:0 ხარაიშვილი (49), 3:1 ახვლედიანი (55).

fcsaburtalo.ge

0.124112