ფეხბურთი

16:30 | 24.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონის” გადარჩენის გზა მოძებნილია

საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბ “ზესტაფონს” დაშლა აღარ ემუქრება. 23 იანვარს ტელეკომპანია “არგოს” ეთერში გასული სიუჟეტის თანახმად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი კლუბის ინფრასტრუქტურისთვის აქამდე გათვლისწინებულ 300 000 ლართან ერთად, გუნდისთვის დამატებით 200 000 ლარს გამოჰყოფს.

ზესტაფონის საკრებულოს თავჯდომარის დავით მაღრაძის განცხადებით, იგი ესაუბრა ილია კოკაიას წარმომადგენელ ადვოკატს კლუბის ქონების გადაცემის შესახებ. როგორც ირკვევა, “ზესტაფონის” ქონების ნახევარი კოკაის განკარგულებაში იქნება, ხოლო მეორე ნახევარს მუნიციპალიტეტი განაგებს.

“შევთანხმდით, რომ ქონების ნახევარი გადმოეცემა მუნიციპალიტეტს, რათა იურიდიულად გვქონდეს საფუძველი გუნდის დაფინანსების. კოკაიას წარმომადგენელი ადვოკატი იყო ჩამოსული, ქონების გადანაწილების შესახებ ვისაუბრეთ და უკვე მზადდება შესაბამისი საბუთები გასაფორმებლად. 300 000 ლარი ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად გამოყოფილი გვქონდა და კიდევ მოვიძიეთ 200 000 ლარი, რათა მოხდეს გუნდის დაფინანსება. ნახევარი მილიონი ლარით მზად ვართ კლუბი დავაფინანსოთ.

აგრეთვე იყო დაპირება კოკაიას მხრიდან, ანუ რამდენსაც ჩვენ დავდებთ, იმდენივეს გამოყოფს ილია. ჩათვალეთ, რომ ერთი მილიონი ლარი უკვე მონახულია გუნდის დასაფინანსებლად. ვიმედოვნებთ გუნდი არ დაიშლება, მეორე წრეს დაასრულებს. ამის შემდეგ კიდევ დავილაპარაკებთ თუ რას გავაკეთებთ მომავალში და ამას გულშემატკივარი აუცილებლად გაიგებს. გუნდი არ დაიშლება.” – განუცხადა “არგოს” დავით მაღრაძემ.

გაირკვა, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტი საქართველოს ორგზის ჩემპიონ და თასის მფლობელს დაეხმარება, თუ ილია კოკაიაც გამოყოფს თანხას, შესაბამისად გუნდი ფუნქციონირებას გააგრძელებს და უმაღლესი ლიგის მეორე წრეს დაასრულებს. რა შედეგით შეხვდება ჩემპიონატის დასასრულს გუნდი, ამის წინასწარმეტყველება რთულია, ფაქტი კი ერთია: “ზესტაფონი” გაუქმებას გადაურჩა.

0.117247