სხვა

15:03 | 24.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა მარცხიანი დღე ჰაცუ ბაშოზე

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” დასასრულს უახლოვდება წლის პირველი სუპერტურნირი სუმოში. ჰაცუ ბაშოს ბოლოსწინა დღე წარუმატებელი გამოდგა ქართველი სეკიტორებისთვის – ტოჩინოშინმა და გაგამარუმ მარცხი განიცადეს.

ლევან გორგაძე, რომელიც ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით ირჯება, აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ტაკარაფუჯის გაეჯიბრა და იორიტაოშით დამარცხდა. საინტერესოა, რომ შერკინება ლამის წუთს გაგრძელდა და ძალიან დრამატული დასასრული ჰქონდა...

ტოჩინოშინის მაჩვენებელი 5 მოგება და 9 მარცხია და წოდებაში დაქვეითებას ვერ გადაურჩება, დასკვნით ორთაბრძოლას კი აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა კიოკუტენჰოსთან გამართავს.

რაც შეეხება გაგამარუს, მან რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში აღმოსავლეთის მე-9 ნომერ სეიროსთან წააგო. თეიმურაზ ჯუღელს 10 მოგება და 4 მარცხი გააჩნია და თუკი დარჩენილ შერკინებებში იყოჩაღებს, დიდი ალბათობით, მაკუუჩიში გადაბარგდება.

გაგამარუ, რომელიც ჰაცუ ბაშოზე დასავლეთის მე-2 ნომრის წოდებით ირჯება, შემდეგ ბრძოლას აღმოსავლეთის მე-3 ნომერ კიტატაიკისთან გამართავს. ამ უკანასკნელს ზურგს 13 გამარჯვება უმაგრებს და ძურიოს ჩემპიონობა განაღდებული აქვს.

შეგახსენებთ, რომ “იმპერატორის თასი” ვადაზე ადრე გაინაღდა მონღოლმა ჰაკუჰომ, რომელმაც ტემპი არ დააგდო და თანამემამულე იოკოძუნა ჰარუმაფუჯისთან მიჯრით მე-14 მოგება მიითვალა.

ჰაცუ ბაშოს მე-14 დღის მიმოხილვა. ტოჩინოშინის ორთაბრძოლა 6:10-დან

0.114867