ფეხბურთი

13:37 | 24.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

პიერლუიჯი კოლინა: “ფეხბურთელები უფრო მეტად ეშმაკები გახდნენ”

აგერ უკვე 10 წელია პიერლუიჯი კოლინა მატჩებს არ სჯის, თუმცა, გულშემატკივრებს საფეხბურთო თემიდის წარმომადგენელი დღემდე ახსოვთ. 1977 წლის გაზაფხულზე ბოლონიის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, მანამდე კი, როგორც ყველა იტალიელი ბავშვი, პიერლუიჯი კოლინაც საფეხბურთო კარიერაზე ოცნებობდა. იგი ცენტრალური მცველის პოზიციაზე გამოდიოდა, თუმცა, არათუ ფაკეტისა და ბარეზისთან, მათზე გაცილებით ნაკლებად ცნობილ უკანახაზელებთან მიახლოებაც ვერ შეძლო. ამის მიუხედავად, კოლინას სახელი ნებისმიერი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი მაინც გახდა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯია. იგი ერთადერთი რეფერია, რომელიც ზედიზედ ექვსჯერ წლის საუკეთესო საფეხბურთო არბიტრად დაასახელეს.

- სამსაჯო კარიერა 2005 წელს დაასრულეთ. ყველაზე მეტად გული რაზე გწყდებათ?

- სერია A-ს მატჩების მომსახურება 1991 წელს დავიწყე, როდესაც დიეგო მარადონამ იტალია დატოვა. ძალიან საწყენია, რომ მას საფეხბურთო მინდორზე ვერ შევხვდი. ჩემი აზრით, ფეხბურთის ისტორიაში მარადონა უდიდესი მოთამაშეა.

- ვისაც მინდორზე შეხვედრიხართ, თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რომელმა ფეხბურთელმა მოახდინა?

- კარიერის განმავლობაში არაერთ მატჩში მიმსაჯია, რომლებშიც უდიდესი გუნდები და ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. რუუდ გულიტი, ფრანკ რაიკაარდი, რონალდინიო, ზინედინ ზიდანი... ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, არაერთი მოთამაშის გახსენება შეიძლება.

- ყველაზე მეტად რომელი მატჩის მომსახურება დაგამახსოვრდათ?

- ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. უამრავი რაოდენობის პრინციპული და უმაღლესი დონის შეხვედრის გაძღოლა მომიხდა. განსაკუთრებით კი მაინც 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი უნდა გამოვარჩიო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დაარსებიდან დღემდე მხოლოდ 20 ფინალია ჩატარებული. საფეხბურთო ისტორიაში შევედი, მაგრამ მხოლოდ ამით არ ვამაყობ. ვერ წარმოიდგენთ, რა გრძნობა დამეუფლა როცა იოკოჰამას ფინალური შეხვედრის სასტარტო ნიშანი მივეცი. სიტყვებით წარმოუდგენელია იმ განცდის გადმოცემა. არასდროს დამავიწყდება 1999 წელს ბარსელონას “ნოუ კამპზე” “მანჩესტერ იუნაიტედისა” და მიუნხენის ”ბაიერნის” პაექრობაც. ჩემს მიერ დამატებულ დროში ინგლისელებმა 2 ბურთი გაიტანეს. ის დრამატული, გერმანელთათვის კი ტრაგიკული მატჩი ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი საინტერესო დაპირისპირებაა. ფეხბურთის მოყვარულმა ნებისმიერმა ადამიანმა იცის, თუ როგორი პრინციპული მეტოქეობა აქვთ ერთმანეთთან ინგლისელებსა და შვეიცარიელებს. ამ უკანასკნელთა გაცილებით ნაკლები ტრადიცია აქვთ ალბიონელებთან შედარებით, თუმცა, ურთიერთშეხვედრისას ყოველმხრივ ცდილობენ ბრიტანელებს არაფერი დაუთმონ. გამონაკლისი არც ლეგენდარულ “უემბლიზე” გამართული დაპირისპირება ყოფილა. მოვემსახურე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს, რომელშიც ერთმანეთის პირისპირ კასტილიური “რეალი” და კატალონიური “ბარსელონა” წარსდგნენ. ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია.

- ბავშვობაში რომელიმე გუნდს თუ ქომაგობდით და მისი მონაწილეობით შეხვედრის განსჯა ხომ არ მოგიწიათ?

- არბიტრი, ისევე როგორც ფეხბურთელი, პროფესიონალია. თუკი რომელიმე მოთამაშე ადრეული ასაკის საყვარელი გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობს, მაინც ყოველმხრივ ცდილობს საუკეთესო თვისებების გამოვლენას. პროფესიულ ფეხბურთში ეს ნორმაა. იგივე შემიძლია ვთქვა მსაჯებზეც. თუკი ვინმეს სურს ისეთი რეფერის მოძებნა, რომელსაც რომელიმე გუნდის ან გუნდების მიმართ სიმპათია არ აქვს, მაშინ მსაჯის მიწვევა მარსიდან მოუწევს. ცხადია. ბავშვობაში რჩეული და საყვარელი გუნდი მეც მყავდა, მაგრამ როგორც კი გასახდელიდან მას მწვანე მინდვრისკენ გავუძღვებოდი, პირადულ დამოკიდებულებას გასახდელში ვტოვებდი.

- თქვენ ერთ-ერთი იშვიათი მსაჯი ხართ, რომელთანაც ფეხბურთელები კამათს ვერ ბედავდნენ. როგორ ახერხებდით ავტორიტეტის შენარჩუნებას მატჩების მსვლელობისას? მით უმეტეს, თუკი შეცდომა მოგივიდოდათ...

- მთავარი ავტორიტეტი კი არაა, ფეხბურთელები მსაჯის მიმართ ნდობითა და პატივისცემით უნდა იყვნენ განმსჭვალულნი. წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშის გაკონტროლებას ვერც ერთი არბიტრი ვერ შეძლებს. შიშის ფაქტორით მატჩის გაძღოლა მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდება, შემდეგ კი მოთამაშეებიცა და მაყურებლებიც აგიგდებენ. თუკი ობიექტური რეფერის რეპუტაცია გაქვს, შეცდომასაც გაპატიებენ. ასე რომ, მსაჯისთვის ავტორიტეტზე გაცილებით მნიშვნელოვანი ნდობაა.

- თქვენი ნება რომ იყოს, რომელიმე საფეხბურთო წესს თუ შეცვლიდით?

- მე თუ მკითხავთ, საჯარიმო მოედნის ფარგლებში “უკანასკნელი იმედის ჯარიმის” შემთხვევაში ფეხბურთელს ორმაგად არ დავსჯიდი. ახლა კი რა ხდება - მსაჯი მოთამაშეს აძევებს და ბურთის საპენალტე ნიშნულზე დადებასაც ბრძანებს. ეს არასამართლიანად მიმაჩნია. თანაც, თუკი ამგვარ ინციდენტს ადგილი მატჩის დასაწყისში ჰქონდა, რა გამოდის - გუნდი თამაშს აგებს და მისი გადარჩენა 10 კაცის ამარა მოუწევს. ეს კი თანამედროვე ფეხბურთში ურთულესი რამაა. ჩემი აზრით, მხოლოდ “უკანასკნელი იმედის ჯარიმის” დროს მოქმედი წესი მოითხოვს გარკვეული სახის კორექტირებას. ფეხბურთელისა და მისი გუნდის პენალტით დასჯა საკმარისია.

- აგერ უკვე 10 წელია მსაჯობის უფლება არ გაქვთ. ამ ხნის განმავლობაში ფეხბურთი შეიცვალა?

- ჩემს კოლეგებს მათზე დაკისრებული ამოცანის პირნათლად შესრულება უფრო გაუძნელდათ. წამყვანი კლუბებისა და ნაკრებების შესრულებით თამაში კიდევ უფრო დინამიკური გახდა. ფეხბურთელები ერთმანეთს კიდევ უფრო მჭიდროდ მეურვეობენ და როგორც ვატყობ, უფრო მეტად ეშმაკებიც გახდნენ. ამიტომაც არბიტრებს ერთი წამითაც არ აქვთ მოდუნების უფლება. როდესაც სამსაჯო კარიერას ვიწყებდი, საფეხბურთო თემიდის წარმომადგენლებს ნაკლები დატვირთვა გვქონდა.

0.111519