ფეხბურთი

12:42 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილი და ლორია ოფი-ს სეზონის ბოლოს დატოვებენ

ქართველი ფეხბურთელები, მეკარე გიორგი ლორია და შემტევი გიორგი მერებაშვილი კრეტას ოფი-ს ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიცავენ, შემდეგ კი სხვა კლუბს მიაშურებენ.

ბერძნულ კლუბში ფინანსური კრიზისია, ქართველ მოთამაშეებს კლუბის სხვა ფეხბურთელების მსგავსად ხელფასი სექტემბრიდან არ აუღიათ. ლორიას და მერებაშვილს კრეტელებთან ორწლიანი ხელშეკრულება აკავშირებდათ, თუმცა ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების საფუძველზე კონტრაქტი სეზონის ბოლოს გაწყდება. აღნიშნული ინფორმაცია “საზოგადოებრივ მაუწყებელს” საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა ამცნო.

“კლუბში ფინანსური კრიზისია. სექტემბრის შემდეგ ხელფასები არ აგვიღია და გუნდი ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა. კლუბთან მეც და გიორგისაც ორწლიანი კონტრაქტები გვქონდა გაფორმებული და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდში მაისამდე ვრჩებით. ჩვენით ძალიან ბევრი გუნდი იყო დაინტერესებული, მათ შორის საბერძნეთის წამყვანი კლუბები და იმის გამო, რომ სეზონში სამი გუნდის გამოცვლა არ შეგვიძლია, იძულებულები ვართ დავრჩეთ, ყოველ შემთხვევაში შემოთავაზებები გვაქვს.” – განაცხადა გიორგი ლორიამ.

22 ნოემბერს ოფი-მ საბერძნეთის თასის მერვედფინალური დაპირისპირების პირველ მატჩში “პანტრაკიკოსი” 4:0 დაამარცხა. ქართველებმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარეს, ხოლო მერებაშვილმა 28 წუთზე ანგარიში 2:0 გახადა.

ორივე ქართველი ფეხბურთელი ოფი-ს 2014 წლის ზაფხულში შეუერთდა და გუნდის ლიდერებად ჩამოყალიბდნენ. გიორგი ლორია საბერძნეთის ჩემპიონატის პირველი წრის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები კარიერას.

0.123886