საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 28 იანვრის ნაცვლად მაისში გაიმართება. ფედერაციის აღმასკომის წევრთა გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე მთავარი ამოცანა 10-18 აპრილს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის სათანადოდ მომზადებაა და საპრეზიდენტო არჩევნები საორგანიზაციო საქმიანობას შეაყოვნებდა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ აღმასკომის სხდომაზე ითქვა, რომ პრეზიდენტობის სურვილი წინასწარ დაწესებულ ვადაში ოფიციალურად ორმა კანდიდატმა გამოთქვა: კლუბ "წყალტუბოს” დამფუძნებელმა მამუკა ტუსკაძემ და ლეგენდარულმა ძალოსანმა კახი კახიაშვილმა.
ეს უკანასკნელი ფედერაციის მოქმედი ვიცეპრეზიდენტია და მაისამდე პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს.
შეგახსენებთ, ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელის პოსტი ჯერ კიდევ 2014 წლის ბოლოდან მოყოლებული ვაკანტურია, მას შემდეგ, რაც არმაზ თავაძე სულ რაღაც ნახევარწლიანი მუშაობის შემდეგ გადადგა.







