სხვა

15:04 | 22.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა მაკე-კოში დააფიქსირა, გაგამარუ ძურიოს ლიდერებშია

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იანვრის სუპერტურნირზე მე-8 მარცხი განიცადა, რაც იმას ნიშნავს, რომ წოდებაში დაქვეითებას ვერ გადაურჩება.

ტოჩინოშინმა უარყოფითი ბალანსი (მაკე-კოში) ბრაზილიელ კაისეისთან შერკინებაში დააფიქსირა. დღევანდელ შერკინებამდე ქართველი სამხრეთამერიკელს ურთიერთშეხვედრებში მინიმალურად (5-4) სჯაბნიდა, ახლა კი, მათ შორის ბალანსი გათანაბრდა.

გორგაძე იორიკირით დამარცხდა და 4 მოგების წილ მე-8 მარცხი მოუგროვდა, ამდენად, მომავალი ტურნირისთვის დასავლეთის პირველი მაეგაშირას ტიტულის დათმობა მოუწევს.

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ჰაცუ ბაშოს მე-13 დღეს ქართველი სეკიტორის მეტოქე აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება, რომელსაც დადებით ბალანსამდე (კაჩი-კოში) 1 მოგება აშორებს.

ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დაუმარცხებელი ლიდერი ისევ მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰოა, რომელმაც მიჯრით მე-12 გამარჯვება ოძეკი კოტოშოგიკუსთან იზეიმა.

“თეთრ ფენიქსს” ორ-ორი მოგებით ჩამორჩებიან კიდევ ერთი მონღოლი იოკოძუნა ჰარუმაფუჯი და ოძეკი კისენოსატო, მე-3 იოკოძუნა კაკურიუს კი აქტივში 9 გამარჯვება აქვს.

რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში 3 მარცხის წილ მე-9 ბრძოლა დაასრულა სათავისოდ გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა. ქართველმა გოლიათმა აღმოსავლეთის მე-13 ნომერი დაიეიშო ჰატაკიკომოთ დასცა.

შეგახსენებთ, რომ გაგამარუ იანვრის სუპერტურნირზე დასავლეთის მე-2 ნომრის წოდებით ირჯება და დიდი ალბათობით, მაკუუჩიში აღზევება უკვე გარანტირებული აქვს.

ძურიოში ჯუღელზე წინ მხოლოდ აღმოსავლეთის მე-3 ნომერი კიტატაიკია, რომელსაც 11 შერკინება აქვს მოგებული. ტურნირის მე-13 დღეს გაგამარუ აღმოსავლეთის მე-10 ნომერ ჩიიოოს გაეჯიბრება.

ჰაცუ ბაშოს მე-12 დღის მიმოხილვა. ტოჩინოშინის ორთაბრძოლა 7:40-დან

0.150228