სხვა

14:19 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი კაჩი-კოშის შანსს ინარჩუნებს

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე იანვრის სუპერტურნირზე დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირების შანსს ინარჩუნებს ქართველ სუმოისტი ლევან გორგაძე.

ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოს მე-11 დღეს სეკივაკე იჩინოჯო ურთულეს ბრძოლაში, მისთვის უცხო ილეთით – უჩიმუსოთი (ფეხზე ხელი გამოჰკრა) დაამარცხა და 7 მარცხის წილ მე-4 გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ გორგაძე წლის პირველ ბაშოზე დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით ირჯება და დასაწინაურებლად დარჩენილი 4-ივე ბრძოლის მოგება სჭირდება, რაც ურთულესი საქმე იქნება.

ტოჩინოშინის მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა კაისეი იქნება. ბრაზილიელ სეკიტორს ასევე 7 მარცხი აქვს და ცხადია, იოლად არაფერს დათმობს.

დღეს, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ასპარეზობის პატივი ჰქონდა ძურიოს ბინადარ – გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. იგი დასავლეთის მე-14 მაეგაშირა ჩიომარუს გაეჯიბრა და ჰიკიოტოშით დამარცხდა.

გაგამარუ ძურიოს დასავლეთის მე-2 ნომრის წოდებით ირჯება და 8 მოგება და 2 წაგება გააჩნია, ამდენად, დაწინაურება განაღდებული აქვს. ჯუღელს მორიგი შერკინება აღმოსავლეთის მე-13 ნომერ დაიეიშოსთან ელის.

დასასრულ, ისიც ვთქვათ, რომ ბაშოს მოგების შანსი გაიუმჯობესა იოკოძუნა ჰაკუჰომ. “თეთრმა ფენიქსმა” ზედიზედ მე-11 გამარჯვება ოძეკი გოეიდოსთან იზეიმა, მისმა თანამემამულე ჰარუმაფუჯიმ კი სეკივაკე აოიამასთან წაიფორხილა და ლიდერს უკვე 2 მოგებით ჩამორჩა.

ჰაცუ ბაშოს მე-11 დღის მიმოხილვა. 8:27-დან ტოჩინოშინის ორთაბრძოლა

0.124063