საფეხბურთო კავშირი „პრესინგი“ ქართულ ფეხბურთზე შეყვარებულმა რამდენიმე გულშემატკივარმა ჩამოაყალიბა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში წარმატებით მოღვაწეობენ, თუმცა სიამოვნებით იტოვებენ დროს, პერიოდულად შეიკრიბნონ და იმსჯელონ აქტუალურ თემებზე. საფეხბურთო კავშირმა გადაწყვიტა მოემზადებინა პროექტი, რომელიც ქართულ ფეხბურთში პროფესიულად განათლებული კადრების აღზრდას და მოზიდვას შეუწყობს ხელს. იდეა თავისთავად ინოვაციური არაა, თუმცა მსგავსი რამ არცერთ ქვეყანაში ამ სახით არ განხორციელებულა. პროექტი საჯაროა და იგი ახლა თქვენს წინაშეა ერთადერთი მიზეზით - გაეცნონ მას ის ადამიანები, რომლებსაც მისი განხორციელება ხელეწიფებათ და ძალიან სასარგებლო საქმეს ჩაუყარონ საფუძველი.
სპორტის მენეჯმენტი თანამედროვე ევროპულ და ამერიკულ განათლების სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დისციპლინაა. ბოლონიის პროცესმა და ევროპული განათლების სხვა მნიშვნელოვანმა ფორუმებმა სპორტის მენეჯმენტის, როგორც მეცნიერების და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო, აქტუალური და პრესტიჟული მიმართულების როლს კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი. დღეს, თითქმის ყველა წარმატებული უნივერსიტეტის ერთ-ერთ მიმართულებას აუცილებლად წარმოადგენს ეს სფერო და მათი რიცხვი ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე წლიდან წლამდე მატულობს.
დღეისთვის ქართულ ბაზარზე სპორტის მენეჯმენტის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მქონე სპეციალისტების კატასტროფული დეფიციტია. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სახეზეა რეალობა, ვერცერთ ქართულ საფეხბურთო კლუბის მენეჯმენტში ვერ, ან თითქმის ვერ ვნახავთ ადამიანს, რომელსაც შესაბამისი განათლება აქვს მიღებული.
მიზეზი იმისა, რატომ არ „ფიქრობს“ არცერთი ქართული საფეხბურთო კლუბის მესვეური, კლუბის მართვა შესაბამისი განათლების მქონე მენეჯერებს ჩააბაროს, გარდა იმისა, რომ ერთი მხრივ სწორედ ამ მესვეურთა აზროვნებაშია, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში გუნდის მართვის მოძველებური, ერთგვარად „საბჭოური“ მეთოდები აქვთ, ყველაზე მეტად კადრების დეფიციტში უნდა ვეძიოთ.
მიგვაჩნია, რომ ფეხბურთის განვითარება, რისთვისაც სახელმწიფომ აქტიური მუშაობა უკვე დაიწყო, წარმოუდგენელია ნორმალური მენეჯმენტის გარეშე. ნებისმიერი გადაწყვეტილება, სპორტული, ფინანსური, მარკეტინგული, სამედიცინო, საინვესტიციო თუ სხვა კუთხით, პროფესიონალებმა უნდა მიიღონ და არა ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა, როგორც ეს უმეტეს შემთხვევაში ჩვენს რეალობაში ხდება.
უცხოური მენეჯმენტი შესანიშნავი, თუმცა „ძვირი“ გამოსავალია და ამ ფუფუნების სახსრების მოძიება, რომც ხედავდნენ კიდეც მის აუცილებლობას ამ ეტაპზე ქართული კლუბების უმეტესობას გაუჭირდება. არადა ნათელია, რომ სახელმწიფოს მიერ გაკეთებულ ინვესტიციასაც და უშუალო მფლობელის მიერ დახარჯულ ფულსაც, პროფესიონალური გამოყენება სჭირდება, წყალში გადაყრილი რომ არ აღმოჩნდეს. შესაბამისად, რაც უფრო მალე გამოჩნდებიან ქართულ ბაზარზე სპორტული მენეჯერები, მით უფრო მალე იქნება საგრძნობი ამ მხრივ წინსვლა.
მარტივად რომ ვთქვათ, ქართულ ფეხბურთს და ზოგადად სპორტს, ახლა აქვს გასავლელი ის გზა, რომელიც მაგალითად ქართულმა ბიზნესმა ან საბანკო სისტემამ 1990-2000 წლებში გაიარა, როცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მენეჯმენტის სრულიად ახალ, დასავლურ სტანდარტებზე გადართვა გახდა საჭირო. მას შემდეგ რაც უნივერსიტეტებმა შესაბამისი ფაკულტეტები, სილაბუსები შესთავაზეს მომხმარებელს, მივიღეთ სრულიად ახალი, თანამედროვე და მაშინ უცხო, დღეს კი ყოველდღიური და ძალიან საჭირო სპეციალობები, ფინანსისტი, მარკეტოლოგი და ა.შ.
გამომდინარე ზემოთქმულიდან, სპორტის მენეჯმენტის მნიშვნელობასა და საქართველოში ამ სფეროში არსებული რეალობის შესახებ, ვფიქრობთ უნდა განხორციელდეს შემდეგი პროექტი:
- სპორტის სამინისტრომ და/ან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადონ ღია კონკურსი მართვის, მენეჯმენტის და მასთან მონათესავე სპეციალობებში ბაკალავრის ხარისხის მქონე კურსდამთავრებულთათვის.
- მსურველები გამოგზავნიან ე.წ. CV-ებსა და სამოტივაციო წერილებს, რომელშიც მითითებული იქნება სტანდარტული მონაცემები, განათლების, აკადემიური მოსწრების, უცხო ენების ცოდნის შესახებ და ა.შ.
- ორგანიზატორები შეარჩევენ პირობითად 100 კანდიდატს (ეს და პროექტის ამ ვარიანტში მითითებული ნებისმიერი რიცხვი პირობითია და ზოგადი სურათის შესაქმნელადაა გამოყენებული. ისინი დაიხვეწება და დაზუსტდება პროექტის უშუალოდ დაგეგმვის პროცესში) და მათთვის ჩატარდება გასაუბრებებისა და ტესტირების ციკლი, უცხო ენასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებში. ამას გარდა, უშუალოდ გასაუბრებისას, მხედველობაში მიიღება მათ შორის საბაზისო საფეხბურთო ცოდნაც და ა.შ.
- შერჩეულ 5 კანდიდატს დაუფინანსდება 2 სასწავლო წელი (სრული კურსი) სპორტის მენეჯმენტის მაგისტრატურაში, რომელიმე წამყვან ევროპულ უნივერსიტეტში. დაფინანსებაში შევა სწავლის საფასური და ცხოვრების ხარჯები.
- აღნიშნული პროექტი განხორციელდება ყოველ წელს.
პროექტზე მუშაობისას საორიენტაციოდ ავიღეთ გერმანია და კიოლნის სპორტის უნივერსიტეტი (German Sport University Cologne), რომელიც ამ სფეროში ევროპაში უდიდესი სასწავლებელია და შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ლიდერადაც გვევლინება.
გარდა ამისა, საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ სწავლის საფასური ნულოვანია (არსებობს ე.წ. სოციალური გადასახადი, 230 ევროს ოდენობით სემესტრში, ჯამში 920 ევრო)
სწავლების ერთ-ერთი ენა ინგლისურია (რაც მნიშვნელოვანია ქართულ რეალობაში)
მაგისტრატურის მოდული მოიცავს შემდეგ ასპექტებს:
- სპორტის საერთაშორისო მართვა
- შეფასება და ანალიზი სპორტის მენეჯმენტში
- სპორტის სამართალი
- სოციოლოგია სპორტის მენეჯმენტში
- ფსიქოლოგია სპორტის მენეჯმენტში
- ოლიმპიური მოძრაობა და მისი მენეჯმენტი
- სპორტული კვლევა
- სტრატეგია და დაგეგმვა
- სპორტის ეკონომიკა
- ფინანსური ანალიზი
აღსანიშნავია და გარკვეული კუთხით შეიძლება საინტერესო იყოს ისიც, რომ უნივერსიტეტთან არსებობს Hennes-Weisweiler-ის აკადემია, რომელიც გასცემს გერმანიის 1-ლი და მე-2 ბუნდესლიგის მთავარი მწვრთნელებისთვის საჭირო ლიცენზიას.
აღნიშნული პროექტის საბოლოო ვერსიის მომზადებისას, ცხადია, შესაძლებელია მოხდეს სხვა პრესტიჟული უნივერსიტეტის მოძიება, რომელიც უფრო მეტად დააკმაყოფილებს ჩვენს მიზნებს. ავტორების მიერ წინამდებარე დრაფტში უბრალოდ იმ მაგალითის განხილვა მოხდა, რომელიც მათი აზრით თავისი რანგით, სტანდარტებით, სპეციალობებითა და ფასით ყველაზე მეტად შეესაბამება ჩვენს წინაშე მდგარ ამოცანებს.
ამ ყველაფრის შედეგად, პროექტის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ მაქსიმუმ 500 000 ლარის დახარჯვით, (დეტალური ბიუჯეტი ცხადია არსებობს, თუმცა მისი აქვე წარმოდგენა ვფიქრობთ, ნაკლებად საინტერესო იქნებოდა) ქართული საფეხბურთო სამყარო მიიღებს 10 საუკეთესო სპორტული მენეჯმენტის მაგისტრატურის კურსდამთავრებულს, რომელთაც ექნებათ და ქართულ სპორტს მოუტანენ:
- ძალიან დიდ კავშირებს ამ სფეროში მსოფლიოს მასშტაბით (მსგავს ევროპულ უნივერსიტეტებში საშუალოდ 5000 სტუდენტი სწავლობს, რომელთა დიდი ნაწილი მსოფლიოს საშუალო ან წამყვან სპორტულ კლუბებსა და ორგანიზაციებში საქმდება)
- შესაძლოა 10 სპორტულ დირექტორს ან მსგავს პოზიციაზე დასაქმებულ ადამიანს ევროპულ კლუბებში, რაც როგორც წესი, მიღებული პრაქტიკით, ქართველი ფეხბურთელების ამ კლუბებში ტრანსფერებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს
- 10 ადამიანს, რომლებიც საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში 10 კლუბს ჩაუდგებიან სათავეში და მათ მმართველობის ახალ რელსებზე გადაიყვანენ. შემოიკრებენ განათლებულ სტაფს, იმუშავებენ თანამედროვე, აპრობირებული მეთოდებით და ა.შ.
- მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევენ სპორტის მენეჯმენტის სწავლების მეთოდების დანერგვა/გაუმჯობესებაში ქართულ უნივერსიტეტ(ებ)-ს.
- შანსს, წარმატებული, ჭკვიანი და განათლებული სტუდენტებისთვის, რომელთაც უყვართ ფეხბურთი, აქვთ შესაბამისი უნარები რომ ამ სფეროში იმუშავონ, მაგრამ არ გააჩნიათ საშუალება 2 წელიწადში 18000 ევრო (ამ შემთხვევაში - გერმანიაში 2 წლიანი ცხოვრების მიახლოებითი ღირებულება) გადაიხადონ ამისთვის, მიიღონ საუკეთესო განათლება და ჩადგნენ ქართული ფეხბურთის სამსახურში.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ შედეგებისა, რისი მოტანაც ამ პროექტს ქართული ფეხბურთისთვის შეუძლია. როგორც ვხედავთ, საკითხი, რომ ეს ადამიანები „დავავალდებულოთ“ სწავლის დასრულების შემდეგ აუცილებლად საქართველოში დაბრუნდნენ და ქართულ კლუბებში დასაქმდნენ, სულაც არ არის აუცილებელი და მათ უაღრესად დიდი სარგებლის მოტანა პირიქით, უცხოურ კლუბებში დასაქმების შემთხვევაშიც შეუძლიათ. თუმცა, შესაძლებელია მათთან კონტრაქტში სახელმწიფოს მხრიდან იმ პირობის ჩადება, რომ წელიწადში პირობითად ერთხელ გარკვეული დროის მანძილზე ჩამოვიდნენ საქართველოში, წაიკითხონ ლექცია უნივერსიტეტში, მისცენ რეკომენდაციები აქაურ კლუბებს ან სხვა.
საფეხბურთო კავშირი „პრესინგი“