ფეხბურთი

10:23 | 21.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიშელ პლატინი: “ფეხბურთელის რამდენიმე წუთით გაძევება უნდა დავნერგოთ”

მიშელ პლატინის ბევრი ფიფას ამჟამინდელი თავკაცის ზეპ ბლატერის მემკვიდრედ თვლიდა, თუმცა საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა ამჯერად მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. ჟურნალისტებთან საუბარში უეფას პრეზიდენტი საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც საუბრობს.

- რატომ არ იყრით კენჭს ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში?

- ამის თაობაზე უწინაც მისაუბრია. ევროპელ საფეხბურთო ფედერაციებს მკვეთრი პოზიცია დავუფიქსირე - არჩევანს უეფას სასარგებლობ ვაკეთებ, რადგან ამ ორგანიზაციის საკეთილდღეოდ მუშაობა ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია. ამ პოზიციას ეროვნული ფედერაციები გაგებით შეხვდნენ. ევროპული ფეხბურთისთვის სასარგებლო იქნება, თუკი მოღვაწეობას უეფას პრეზიდენტის რანგში გავაგრძელებ.

- თქვენი აზრით, ყატარში წელიწადის რომელ დროს უნდა ჩატარდეს მსოფლიოს ჩემპიონატი?

- 2022 წლის მუნდიალის ჩატარების თარიღის განსაზღვრა ფიფას პრეროგატივაა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჩემპიონატის მატჩების გამართვა ზამთარში გადაწყვიტა. ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს და საბოლოოდ გადაწყდება, მსოფლიო პირველობის ასპარეზობები დეკემბერში ჩატარდება, იანვარში თუ თებერვალში. ერთადერთი, რაც მკაფიოდ შემიძლია დაგიდასტუროთ, მუნდიალი ზამთარში აიღებს სტარტს.

- ფეხბურთის წესებში ცვლილების შეტანის თაობაზე რეგულარულად მიმართავთ შესაბამის სამსახურს. თქვენი აზრით, რომელი ნოვაციაა ყველაზე მნიშვნელოვანი და მისი მიღების შესაძლებლობის პერსპექტივაზე რას გვეტყოდით?

- ბევრს ვმოგზაურობ, უამრავ გულშემატკივარს ვხვდები და მათ ყველაზე მეტად ფეხბურთელთა მინდორზე უწესო ქცევა აწუხებთ. ქომაგებს მხედველობაში უხეშობა, მსაჯებთან კამათი, სიმულანტობა, დავა დანიშნულ თუ არდანიშნულ პენალტზე... ჩემი აზრით, საჭიროა მინდვრიდან ფეხბურთელის რამდენიმე წუთით გაძევების პრაქტიკა დავნერგოთ. მაგალითად, ყვითელ და წითელ ბარათთან ერთად თეთრიც შემოვიღოთ. უჩვენებს მსაჯი მოთამაშეს თეთრ ბარათს, ფეხბურთელი რამდენიმე წუთით მინდვრიდან შეცვლის უფლების გარეშე გავა, დამშვიდდება და შემდეგ გააგრძელებს ასპარეზობას. ამგვარი რამ დანერგეს რაგბში, ხელბურთში და სასიკეთო შედეგიც მიიღეს.

- რა აზრის ხართ “ოქროს ბურთის” ამჟამინდელ ფორმატზე? ეს ის ჯილდოა, რომელიც უწინ სამჯერ მოიგეთ? პრიზის ამჟამინდელი მფლობელი ღირსეული გამარჯვებულია?

- “ოქროს ბურთი” ნებისმიერ ფორმატში უმნიშვნელოვანესი ჯილდოა. კრიშტიანუ რონალდუმ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და პრიზიც სავსებით დამსახურებულად მიანიჭეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061731