თურქეთის ქალაქ ანტალიაში სტარტი აიღო მორიგმა 10-ათასიანმა ტურნირმა, რომელშიც ქართველი ჩოგბურთელები – ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაიაც ჩაებნენ.
მე-2 ნომრად განთესილი გორგოძე სლოვაკ კრისტინა შმიედლოვასთან 2:6, 1:2 აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება მე-5 რეიტინგის მქონე ქვაცაბაიას, მან კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებული – თურქმენი ანასტასია პრენკო 6:2, 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში ბრაზილიელ ინგრიდ გამარა მარტინსს გაეჯიბრება.
წყვილთა ტურნირში გორგოძე და ქვაცაბაია მე-2 ნომრად არიან განთესილნი და ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან.
ქალთა შორის პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ფლორიდულ დეიტონა ბიჩში იმყოფება და 25-ათასიან ტურნირში მე-5 რეიტინგით ჩაებმება. მისი პირველი მეტოქე “უაილდ ქარდის” მქონე ჩეხი კატერინა კრამეროვა იქნება.
წყვილთა შეჯიბრში შაფათავა და უნგრელი რეკა-ლუკა იანი კვალიფიკაციიდან გამოსულ ამერიკულ დუეტს (ჩანგი-დანიელი) დაუპირისპირდებიან.
დასასრულ, ტუნისურ ელ კანტაუიში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზეც ვთქვათ, სადაც მარიამ ბოლქვაძე ეგვიპტელ სანდრა სამირს გაეჯიბრება. წყვილებში ბოლქვაძემ და რუსმა იულია ბრიზგალოვამ (მე-4 განთესვა) ფრანგები რომეო და ტანიელიანი 6:3, 6:1 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გააღწიეს.