სპორტკომპლექს „არენა 1“-ის დარბაზში საკალათბურთო კლუბ „ოლიმპის“ ღია ვარჯიში ჩატარდა. წვრთნაზე წარმოდგენილი იყო „ოლიმპის“ ძირითადი და 20-წლამდელთა გუნდები. „ოლიმპის“ რიგებს შეემატა 2 ახალი მოთამაშე - გიორგი ცირეკიძე (სიმაღლე 202 სმ) და სერბი ლეგიონერი, მარკო დუჟკოვიჩი (226 სმ). ისინი „ოლიმპის“ ძირითად შემადგენლობას გააძლიერებენ. ამასთან გუნდს გამოაკლდა 3 მოთამაშე: ირაკლი ალხანაიძე, ზვიად ანთაძე და ბექა ქარცივაძე, რომლებსაც იანვარში კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და კლუბმა მათთან თანამშრომლობა აღარ გააგრძელა.
შეგახსენებთ, რომ 3-დან 12 იანვრის ჩათვლით, "ოლიმპი" შეკრებაზე ლატვიაში, ქალაქ ვალმეირაში, გახლდათ. ბალტიისპირეთში ორივე გუნდმა, 3-3 ამხანაგური მატჩი ჩაატარა ლატვიის წამყვან გუნდებთან (I-II დივიზიონის გუნდები). "ოლიმპის" ძირითადი გუნდი ვალმეირადან მოგებითა და 2 წაგებით დაბრუნდა (ვალმეირა - ოლიმპი 80:74; იელგავა - ოლიმპი 103:88; ვია ვალმეირა - ოლიმპი 57:92), 20-წლამდელები კი, პირიქით, 2 მოგებითა (4 და 7-ქულიანი სხვაობით) და 1 წაგებით (5-ქულიანი სხვაობით) დაასრულეს ტურნე.
სუპერლიგისა და 20-წლამდელთა ჩემპიონატებში გამოცხადებული ერთთვიანი პაუზა „ოლიმპმა“ დატვირთულ გრაფიკით, ვარჯიშში, გაატარა.
„ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი გია კაზანჯიანი: გუნდში ცვლილება გვაქვს. 2 ახალი მოთამაშე დავიმატეთ. საქართველოში მაღალი მოთამაშეების პრობლემაა, ამიტომ გუნდი ლეგიონერი ცენტრით, სერბი მარკო დუჟკოვიჩით გავაძლიერეთ. მეორე ახალი მოთამაშე, ახალგაზრდა და პერსპექტიული, გიორგი ცირეკიძეა, ის ჩვენთან ქუთაისიდან გადმოვიდა.
რაც შეეხება ლატვიაში ჩატარებულ 9 დღიან შეკრებას, საქართველოში კმაყოფილები დავბრუნდით. „ოლიმპი“ ახალგაზრდებზე ორიენტირებული გუნდია და მათ უმრავლესობას არ ჰქონია უცხოურ გუნდებთან თამაშის გამოცდილება. ბიჭებმა საკმაოდ კარგად იასპარეზეს. ჩატარებული 6 მატჩიდან 3 მოიგეს, ლატვიის უმაღლესი და ბალტიის ლიგის გუნდებთან.
ნიკოლოზ ლომიძე („ოლიმპის“ 20-წლამდელთა გუნდის მოთამაშე): უმაღლესი ლიგის და 20-წლამდელთა გუნდებმა 3-3 ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ ლატვიის I-II დივიზიონის გუნდებთან. ეს ჩვენთვის დიდი გამოცდილება იყო, რადგან უმრავლესობას მსგავსი პრაქტიკა აქამდე არ გვქონია. დუბლებმა 2 თამაში მოვიგეთ, მათ შორის, რიგის ვეფ-ის გამოცდილ გუნდთან. ლატვიაში შეუსვენებლად ვვარჯიშობდით და დაბრუნებისთანავე განვაახლეთ წვრთნა. ჩემპიონატში პაუზის გამოცხადების შემდეგ თითქმის არ დაგვისვენია. წელს ჩემპიონობას ვაპირებთ და ეს გამოცდილება, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებში ძალიან გამოგვადგება.
ეკა ლოლუა







