მარტვილის “მერანი” მეორე წრისთვის ემზადება. ყველაზე სასიხარულო ამბავი მარტვილელებისთვის ისაა, რომ გუნდი საკუთარ მოედანზე ვარჯიშობს და მეორე წრეში გუნდს სტადიონის ძებნა და ნეიტრალურ მოედანზე თამაში არ მოუწევს. მოედნის საფარი კი მართლაც მაღალი ხარისხისაა.
რაც შეეხება შემადგენლობას, გუნდიდან წავიდნენ: ბესიკ ჩიმაკაძე, დავით ბოლქვაძე, თენგო ხარჩილაძე და დათო წულაია. “მერანს” საბა ლომია შეუერთდა. საბას ადრეც უთამაშია “მერანში” და მარტვილელთა შორის თამაშისას საუკეთესო სეზონი ჰქონდა. ასევე გუნდს დაუბრუნდა მეკარე გიორგი ბეგაშვილი, რომელიც იჯარით იყო განათხოვრებული “სამტრედიაში”. “დინამო-2” დან მოვიდნენ: ირაკლი ციცხვაია, მიხეილ ქაჯაია და ვაჟა ქიქავა, ოზურგეთიდან ახალგაზრდა ფეხბურთელი ირაკლი მალაზონია, “ჩხერიმელადან” დავით პეტავა. სინჯებზეა უკრაინელი ფეხბურთელი ევგენი კუშნისი. რომლის გუნდში დარჩენის საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.
როგორც აღვნიშნეთ, გუნდი მარტვილის ცენტრალურ მოედანზე ვარჯიშობს და მეორე წრისთვის დიდი მონდომებით ემზადება. “მერანი” 31 იანვარს თურქეთში შეკრებაზე გაემგზავრება და შინ 13 თებერვალს დაბრუნდება. “მსოფლიო სპორტს” გუნდის მთავარი მწვრთნელები და ფეხბურთელები ესაუბრნენ.
ვლადიმირ ლობასი (მთავარი მწვრთნელი): ”პირველ რიგში ქართველ ხალხს მინდა მივულოცო შობა-ახალი წელი, თქვენს ქვეყანას წარმატებებს ვუსურვებ. რაც შეეხება “მერანში”არსებულ სიტუაციას, გუნდში კარგი განწყობაა. ვემზადებით მეორე წრისთვის. დავიმატეთ ახალი ფეხბურთელები, კლუბში ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს. ძირითადში ითამაშებს ის, ვინც მეტს იშრომებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც სტადიონის პრობლემა მოგვიგვარა”.
შალვა ღონღაძე: “მერანი” ახალგაზრდული გუნდია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. ფეხბურთელები უფრო მეტად უნდა დაოსტატდნენ და შედეგის მისაღწევად ბევრი უნდა იშრომონ. ძალიან მიხარია, რომ საკუთარ სტადიონზე მოგვიწევს თამაში. კარგად იცით რა დიდი მნიშვნელობა აქვს შინ ასპარეზობას. ჩვენ გვჯერა ამ ბიჭების. “მერანის” უპირველესი ამოცანა უმაღლეს ლიგაში დარჩენაა, პროგრამა მაქსიმუმი კი მაღალი საფეხურებისთვის ბრძოლა”.
პაპუნა ფონიავა (“მერანის” ფეხბურთელი): ნაყოფიერად ვემზადებით, დაგეგმილია რამდენიმე ამხანაგური თამაში. რაც მთავარია, გუნდში ერთსულოვნებაა და ყველა ერთად ვცდილობთ კარგი თამაშით “მერანმა” ღირსეული ადგილი დაიკავოს. დაგვემატნენ ახალი ფეხბურთელები, რაც ბუნებრივია კიდევ უფრო გაგვაძლიერებს”.
საბა ლომია (“მერანის” ფეხბურთელი): “მერანი” ჩემთვის უცხო გუნდი არაა. ადრეც მითამაშია აქ და სასიამოვნოა, ისევ რომ შევუერთდი ამ გუნდს. მარტვილში ძალიან უყვართ ფეხბურთი და შევეცდები ჩემი გოლებით ბევრჯერ გავახარო მარტვილელი გულშემატკივარი”.
გარდა ძირითადი გუნდისა, მარტვილის საფეხბურთო სკოლის ხელმძღვანელსაც გავესაუბრეთ. ახალგაზრდა სპეციალისტი ჯესი სურმავა, მიზანდასახული, შრომისმოყვარე ადამიანია, რომელიც მარტვილის ძირითად გუნდს ამარაგებს ნიჭიერი ფეხბურთელებით და ახალგაზრდა თაობის ფეხბურთელების განვითარებას და დაოსტატებას უწყობს ხელს. ”მერანის” ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, აკაკი შულაია სწორედ სურმავას სკოლის აღზრდილია.
ჯესი სურმავა: ”საფეხბურთო სკოლის და ასაკობრივი გუნდების გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია საფეხბურთო კლუბების სამომავლო განვითარება. ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ფეხბურთელი გავუზარდოთ ქართულ ფეხბურთს. ადგილობრივი ხელისუფლება ხელს გვიწყობს და ეს დიდი სტიმული და მოტივაციაცაა. ახლა დაფინანსდა მარტვილის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის ბაზის პროექტი. მუნიციპალიტეტმა საკუთარ თავზე აიღო სახურავის მოწესრიგება, რომელიც 186 ათასი ლარი დაუჯდება. ვცდილოთ ქართული ფეხბურთის წარმატებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ”.
მარტვილიდან კარგი ამბავით წამოვედით - განახლებული სტადიონი, ახალი ევროპული დონის სასტუმრო, სადაც ფეხბურთელები იცხოვრებენ, “ჯომას” ფირმის ახალი ეკიპირება. იმედია, “მერანი” ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება ეროვნულ ჩემპიონატში და დიდ სიხარულს მიანიჭებს მარტვილელ გულშემატკივარს, რომლებსაც ფეხბურთი ძალიან უყვართ.
ავტორის ფოტო