ჩოგბურთი

14:50 | 19.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა ავსტრალიის ღია პირველობის წყვილთა ტურნირში ითამაშებს

ავსტრალიის ღია პირველობის ერთეულთა გათამაშება ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე კი მიმდინარეობს, თუმცა, წყვილებში ერთი წარმომადგენელი მაინც გვეყოლება.

ოქსანა კალაშნიკოვა იაპონელ კურუმი ნარასთან გახლავთ შეამხანაგებული და პირველ რაუნდში ძალებს გერმანელი მონა ბარტელის და ლუქსემბურგელი მენდი მინელას წინააღმდეგ მოსინჯავს.

წარმატების შემთხვევაში, ჩვენთვის საინტერესო წყვილი მე-2 წრეში, დიდი ალბათობით, პირველი რეიტინგის მქონე იტალიურ დუეტზე (სარა ერანი-რობერტა ვინჩი) “გავა”.

საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა აშშ-ში იმყოფება და დეიტონა ბიჩის 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს.

ტუნისური ელ კანტაუის 10-ათასიან ტურნირში იასპარეზებს მარიამ ბოლქვაძე, ხოლო სოფო ქვაცაბაიას ანტალიის მორიგ 10-ათასიან ტურნირში ვიხილავთ.

აქვე, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებული რეიტინგიც: 218 (218). სოფო შაფათავა – 228 ქულა; 327 (327). ეკატერინე გორგოძე – 106; 424 (424). სოფო ქვაცაბაია – 68; 530 (530). ოქსანა კალაშნიკოვა – 45; 698 (697). მარიამ ბოლქვაძე – 24; 879 (879). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 13; 1111 (1109). თამარ კუტუბიძე – 5; 1205 (1202). თამარ ჭალაგანიძე – 3;

ქართველებს დიდი ცვლილებები არ შეხებიათ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ახალ კლასიფიკაციაშიც: 157 (157). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 325 ქულა; 545 (542). ალექსანდრე მეტრეველი – 59; 866 (866). გიორგი ცივაძე – 18; 1221 (1222). გიორგი ჯავახიშვილი – 6; 1422 (1418). ალექსანდრე ბაკში – 3; 1725 (1725). ირაკლი მეტრეველი – 1;

0.11729