ფეხბურთი

13:15 | 19.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი ბენზემას აქებს

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი “ხეტაფესთან” მოგებული (3:0) მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდგა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.

იტალიელი სპეციალისტი კმაყოფილი გახლდათ “ბლანკოსის” თამაშით. მან ყველა მოთამაშე შეაქო, თუმცა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ქარიმ ბენზემას კარგ თამაშს.

“ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ხუთშაბათს ძალიან რთული შეხვედრა გვქონდა, თუმცა ძალების აღდგენა მოვახერხეთ, სათანადოდ მოვემზადეთ და გუშინ მშვენიერი თამაში ვაჩვენეთ.

რა თქმა უნდა მეორე ნახევარში ბევრად უკეთ ვითამაშეთ, რადგან შეტევები ბევრად გავამწვავეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ქარიმ ბენზემას მშვენიერი თამაში. გარდა იმისა, რომ შესანიშნავი საგოლე გადაცემა გააკეთა, მთელი მატჩი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა.

პირველი წრით კმაყოფილი ვარ. სეზონის დასაწყისში მცირე პრობლემები გვქონდა, რომლის აღმოფხვრაც მოვახერხეთ და შესანიშნავი შედეგი ვაჩვენეთ. მიუხედავად ასეთი შედეგისა, არის კომპონენტები, რომელთა გაუმჯობესება გვმართებს”, - განაცხადა გამოცდილმა მწვრთნელმა.

საუბრის ბოლოს ანჩელოტიმ ტრავმირებული ლუკა მოდრიჩიც ახსენა.

“ლუკამ ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო და დაახლოებით ერთ თვეში დაგვიბრუნდება. ხორვატი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და იმედია დროულად დაგვიბრუნდება”, - დაასრულა საუბარი იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ “რეალი” ესპანეთის ჩემპიონატის პირველი წრის გამარჯვებული გახდა. “ბლანკოსი” 45 ქულით პირველ ადგილზეა, ერთი ქულით უსწრებს “ბარსელონას” და ასევე ერთი შეხვედრა თადარიგში აქვს.

0.131624