არგენტინული “ბოკა ხუნიორსის” პრეზიდენტმა დანიელ ანხელისმა კარლოს ტევესის დაბრუნების შესახებ მზადყოფნა დაადასტურა. სამხრეთ ამერიკული კლუბის თავკაცის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ტევესი სახლში დაბრუნებას გადაწყვეტს, კლუბი მას აუცილებლად მიიღებს.
არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს ტურინის “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. სამხრეთ ამერიკელს კი 2015/16 წლების სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.
“ნახევარ წელიწადში შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს, თუმცა ჩვენ ტევესის დაბრუნებაზე ვფიქრობთ. გავოცდი, როდესაც გავიგე, რომ ტევესს “იუვენტუსთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. “ბოკა ხუნიორსი” მოხარული იქნება თუკი კარლიტო დაბრუნდება. მას უყვარს მშობლიური კლუბი”, – განაცხადა “ბოკას” პრეზიდენტმა.
პროფესიონალური კარიერა კარლოს ტევესმა “ბოკა ხუნიორში 2001 წელს დაიწყო და 2005 წლის იანვარში ბრაზილიურ “კორინთიანსს” მიაშურა. არგენტინულ კლუბში ყოფნის პერიოდში თავდამსხმელმა 110 მატჩი ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა.