პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩში ლონდონის “ჩელსიმ” უელსური “სუონსი” სტუმრად 5:0 გაანადგურა. მატჩის შემდეგ “არისტოკრატთა” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ საკუთარი გუნდი შეაქო და განვლილ შეხვედრაში მისი გუნ დის გამოსვლას სრულყოფილი თამაში უწოდა.
“სრულყოფილი თამაში იყო. ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ წარიმართა. პირველივე წუთზე გატანილმა გოლმა სიტუაცია შეცვალა. პირველ ტაიმში მეოთხე გატანილი გოლით თამაში დასრულებული ჯერ კიდევ არ იყო, რადგან ეს პრემიერლიგაა, მაგრამ მატჩის სადავეები ხელში ჩვენ ჩავიგდეთ და მეტოქის გასაკონტროლებლად კარგ პოზიციაში ვიყავით. მართალია, დიდი ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ სიამოვნებას არ განვიცდით და ეს ფეხბურთელებმა კარგად იციან. ჩემი გუნდის მოთამაშეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ისტორია ტიტულის გარეშე არ იწერება და თუ ფანტასტიკურად ვითამაშებთ და 20 წლის განმავლობაში არაფერს მოვიგებთ, “ჩელსი” არავის ემახსოვრება”, – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
“ჩელსიმ” მიმდინარე სეზონში რიგით მე-16 გამარჯვება მოიპოვა. ლონდონელები ცხრილის სათავეს 52 ქულით ლიდერობენ და “სიტის” 5 ქულით უსწრებენ. “ქალაქელებს” მნიშვნელოვანი და რთული მატჩი ელით. მანუელ პელეგრინის შეგირდები 18 იანვარს ლონდონის “არსენალს” მიიღებენ.