აშშ-ის ღია პირველობის 2009 წლის გამარჯვებულმა არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ ავსტრალიის წლევანდელ ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარი განაცხადა. მიზეზი პატაგონიელისთვის უკვე ჩვეული ამბავია – მარცხენა მაჯის ტკივილი.
შეგახსენებთ, 26 წლის “დელპომ” შარშან მაჯის ოპერაცია გაიკეთა, თერთმეტთვიანი უქმობის შემდეგ კორტს ამას წინათ, სიდნეიში დაუბრუნდა. დელ პოტრომ ამ ქალაქის ტურნირზე 2 მატჩში იმარჯვა, მოუგო რეიტინგსიის 18-ე ნომერ ფაბიო ფონინის, თუმცა, ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხა.
“ავსტრალიის ღია პირველობისთვის სათანადოდ მზად არ ვარ. ერთწლიანი პაუზის შემდეგ სადიდსლემო ტურნირზე ხუთსეტიანი მატჩის ჩასატარებლად მზად არ ვარ. მელბურნში ასპარეზობის შემთხვევაში, შესაძლოა მაჯა კიდევ ერთხელ დავიზიანო, ამიტომაც რისკის გაწევა არ მსურს. ამასთან სიდნეიში დავრწმუნდი, რომ სათანადო ფორმაში ჩადგომა და გამარჯვებების მოპოვება რეალურია. ამჯერად კი კიდევ ერთი პაუზის გამოცხადება უპრიანად მეჩვენება”, - განაცხადა დელ პოტრომ.
ავსტრალიის ღია პირველობის საასპარეზო ბადეში ხუან მარტინ დელ პოტროს რეიტინგსიის 143-ე ნომერი, იაპონელი ხიროკი მორია შეცვლის.