თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ევროლიგის ტოპ-16-ში პირველი გამარჯვება ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდთან” მატჩში იზეიმა, ბასკური კლუბის ქართველი ლეგიონერი კი თამაშის უშვირფასეს მოთამაშედ (MVP) აღიარეს.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 27:21 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 2 ორქულიანი და 10-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი ააცილა.
თოკომ ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 19-ს უწია, რაც მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
“ლაბორალ კუჩაში” 14 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა მაიკ ჯეიმსმა, კოლტონ აივერსონმა 10 ქულას ამდენივე მოხსნა წაამატა, მირზა ბეგიჩის მონაგარი კი 11 ქულა და 5 მოხსნა იყო.
აღსანიშნავია, რომ ესპანური გუნდი კარგა ხანს აგებდა, თუმცა, ფარზე უპირატესობის წყალობით, თამაშში გარდატეხის შეტანა მოახერხა. მასპინძლებმა მეტოქის ფარზე ბურთი 18-ჯერ მოიხელთეს, სულ მოხსნებში ნოვგოროდელები 46:34 დაჯაბნეს.
რაც შეეხება ფაცაციას, მან მოედანზე 17:57 წუთი დაჰყო და 1 სამქულიანი ააცილა, პასივში 3 პერსონალური ფოლიც ჰქონდა, აქტივში კი 2 მოხსნა (1 შეტევაში) მიითვალა. სტუმართა მხრიდან საუკეთესო ამერიკელი ტეილორ როჩესტი იყო 24 ქულით, რომელმაც 7-დან 6 სამქულიანი გამოიყენა.
“ლაბორალ კუჩას” და “ნიჟნი ნოვგოროდს” თითო მოგება და ორ-ორი მარცხი აქვთ და F ჯგუფში მეხუთე-მეექვსე ადგილებზე იმყოფებიან. 23 იანვარს შენგელიას გუნდი პირეოსის “ოლიმპიაკოსს” ესტუმრება, ხოლო ფაცაცია და მისი თანაგუნდელები სტამბულის “ანადოლუ ეფესს” დაუხვდებიან.