საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საწყისი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრისთვის ემზადება. 17 იანვარს ალიკ სარქისიანის გუნდი ჯგუფური ეტაპის მასპინძელთან, ლიტვის ეროვნულ გუნდთან ითამაშებს.
“გუნდში კარგი განწყობაა. ვემზადებით დასკვნითი შეხვედრისთვის. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ტრავმა აწუხებს, ბრაზილიელი რონია, თუმცა, მან შესაძლოა, გამოჯანმრთელება მოასწროს და გუნდს დაეხმაროს”, - აღნიშნა “მსოფლიო სპორტთან” საუბარში საქართველოს ფუტსალის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი დარჯანიამ.
“ესტონეთთან გამარჯვების შემდეგ შვეიცარიასთან ფრედ ვითამაშეთ. იდეალური მსაჯობა არ ყოფილა, მაგრამ ვერმოგების მსაჯებზე გადაბრალება სწორი არ იქნება. პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ უნდა ვიყოთ კრიტიკულები. თითოეულ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებას ვისახავთ მიზნად და მიგვაჩნია, რომ გუნდი სწორი მიმართულებით ვითარდება”, – დაასრულა დარჯანიამ.
შეგახსენებთ საქართველოს ფუტსალიტთა ეროვნული ნაკრები ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპის პირველ სტადიაზე ასპარეზობს. ქართველებმა B ჯგუფში 2 მატჩი გამართეს. ესტონეთთან გამარჯვებას შვეიცარიის ნაკრებთან ფრედ დასრულებული შეხვედრა მოჰყვა.
B ჯგუფს საქართველოს ნაკრები ბურთების უკეთესი სხვაობით ლიდერობს. ალიკ სარქისიანის გუნდის მსგავსად 4 ქულა აქვს შვეიცარიის ნაკრებს. 17 იანვარს შვეიცარიის ნაკრები ესტონეთს ეთამაშება, ჯგუფიდან კი 2 საუკეთესო გუნდი გადის.