კალათბურთი

2:45 | 16.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას ორმაგი დუბლი ლონდონში

ლონდონში გამართულ მატჩში ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” “ნიუ იორკ ნიქსი” 95:79 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კი მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28 წუთში 11 ქულა, 14 მოხსნა (7 მეტოქის ფარზე) და 5 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 2 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ზაზას მოედანზე ყოფნის პერიოდში მილუოკელებმა მეტოქეზე 25 ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

“ბაქსის” რიგებში ყველაზე მეტი ქულა (22) ო ჯეი მაიომ ჩააგდო, საუკეთესოდ კი ბრენდონ ნაითი დასახელდა, რომელმაც 20 ქულას 5 მოხსნა, 6 პასი და 6 ჩაჭრა წაამატა.

“მილუოკის” 21 მოგება და 19 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს ინარჩუნებს, მომდევნო მატჩს კი შინაურ არენაზე “ტორონტო რეპტორზთან” გამართავს. ეს თამაში 19 იანვარს შედგება.

0.121248