მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ევროლიგაში დაუმარცხებელ სვლას განაგრძობს. მოსკოველებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე ხომ ათივე თამაში მოიგეს და ტოპ-16-შიც 3 გამარჯვება მოუგროვდათ.
რუსული გრანდი ამჯერად სტამბულს ესტუმრა და მართალია, პირველ მეოთხედში “ეფეს პილსენს” 10 ქულით ჩამორჩა, საბოლოოდ, მეტოქეს 78:69 სძლია.
სამწუხარო ის გახლდათ, რომ ქართველ მცველს თავის გამოჩენის შანსი ფაქტობრივად არც მისცემია. სტუმართა თავკაცმა დიმიტრის იტუდისმა ის პირველი ტაიმის მიწურულს ორიოდ წუთით შეიყვანა, მარკოიშვილმა 2 პერსონალური ფოლი მიიღო და შეხვედრის ბოლო წუთამდე მოედანზე არც გამოჩენილა. საბოლოოდ, მანუჩარმა 3:28 წუთი ითამაშა და ვერაფრის გაკეთება მოასწრო.
ცსკა-ს რიგებში საუკეთესო ფრანგი ნანდო დე კოლო იყო 22 ქულით, მასპინძლებს კი 17 ქულით ბერძენმა სტრატოს პერპეროლუმ ულიდერა.
მოსკოველები 3 მოგებით F ჯგუფის სათავეში იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 22 იანვარს, შინ, ესპანურ “უნიხასთან” ჩაატარებენ.