ფეხბურთი

13:36 | 14.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვიტესის” ადვოკატი: “ჟორდანიამ ვერაფერი ისწავლა”

არნემის “ვიტესის” ყოფილი მფლობელის მერაბ ჟორდანიას სარჩელთან დაკავშირებით ჰოლანდიური სასამართლო ვერდიქტს ორ კვირაში გამოიტანს.

შარშან, “ვიტესის” გენერალურმა დირექტორმა იოს დე ვიტმა ქართველს უჩივლა და განაცხადა, რომ ჟორდანია მას თითების მოჭრით დაემუქრა. სასამართლომ “ვიტესის” ექსმეპატრონეს არნემელთა საშინაო სტადიონ “გელრედომზე” და გუნდის ბაზაზე შესვლა სამი წლით აუკრძალა. ჟორდანიამ ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გაასაჩივრა. მისი ადვოკატის აზრით, არავითარი საფუძველი არაა, რომ ქართველმა “გელრედომზე” “ვიტესის” საშინაო მატჩებს თვალი ვერ ადევნოს.

თუმცა, “ვიტესის” ადვოკატს მიაჩნია, რომ ჟორდანიამ ვერაფერი ისწავლა, რადგან გასული წლის მიწურულს თავისი “ტვიტერით” დე ვიტს კვლავ დაემუქრა. მაშინ, ჟორდანიამ დაწერა, რომ იმ ხალხს ვინც კლუბი ასეთ დღეში ჩააგდო, არა მხოლოდ თითები, არამედ თავებიც უნდა მოაჭრა. თავის მხრივ, ჟორდანიას ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისმა კლიენტმა იხუმრა, რაზეც ტექსტის ბოლოს დასმული “სმაილიკი” მოწმობს, ხოლო დე ვიტმა ამ სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაცია მისცა.

ჟორდანიას მუქარა რომ სერიოზულია, ამის დასტურად “ვიტესის” ადვოკატმა არნემულ კლუბში ქართველის “მარჯვენა ხელის” ერვინ კაზაკოვსკის სიტყვები მოიყვანა. გერმანელმა, რომელთანაც ჟორდანია 20 წელი თანამშრომლობს, თურმე განაცხადა, რომ დე ვიტი ისე შეშინდა, სახლიდან ვერ გამოდიოდა.

0.115002