ლონდონის “არსენალის” ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი იაია სანოგო მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს განათხოვრების წესით “კრისტალ პალასში” გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია “არწივების” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
სანოგოს გადაბირება საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარ “ბორდოსაც” სურდა, თუმცა არსენ ვენგერმა ფრანგის ინგლისში დატოვება გადაწყვიტა. ლონდუნური კლუბის ახალი მწვრთნელის ალან პარდიუსთვის სანოგოს ტრანსფერი პირველი გახლავთ და ვენგერის აზრით ცენტრალური თავდამსხმელი ინგლისელი სპეციალისტის ზედამხედველობის ქვეშ გამოცდილებას მიიღებს და სათამაშო პრაქტიკაც ექნება.
“მეთოფეებმა” კოტდივუარული ფესვების მქონე ფეხბურთელი 2013 წელს “ოსერიდან” დაიმატა. მიმდინარე სეზონში 21 წლის თავდამსხმელმა სულ 6 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.