საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე 11 მედალი მოიპოვა. სოსო ლიპარტელიანის გუნდის 5 წევრი – ლაშა გიუნაშვილი (55 კგ), გიორგი ბროლაშვილი (60 კგ), ანზორ ხმიადაშვილი (73 კგ), მიხეილ ნარიმანიძე (100 კგ) და ვაჟა დაბრუნდაშვილი (+100 კგ) ჩემპიონები გახდნენ.
ხმიადაშვილმა ფინალში ბეთქილ აფრასიძე დაამარცხა. ასევე ფინალში წააგო 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ავთანდილ ჭრიკიშვილმა, ხოლო თორნიკე თათარაშვილი (60 კგ), დავით ტარაშვილი (66 კგ), არჩილ შინჯიკაშვილი (90 კგ) და მძიმეწონოსანი ლევან მათიაშვილი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
ახალგაზრდებს შორის 2010 წლის სეზონის უმთავრესი ტურნირები შემოდგომაზე გაიმართება. 17-19 სექტემბერს, სოფია ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, ხოლო მსოფლიოს პირველობა 21-24 ოქტომბერს მაროკოში გაიმართება.
ოთარ მაღლაკელიძე







