მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონეს არ სურს, რომ ნახევარმცველმა მარიო სუარესმა გუნდი დატოვოს. ბოლო დროს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში აქტიურად განიხილავენ სუარესის მადრიდიდან წასვლის ვარიანტს. აქცენტი კეთდება იმაზე, რომ სუარესს “ატლეტიკოში” სტაბილური სათამაშო დრო არ ეძლევა და მის მსურველ გუნდებს შორის ყველაზე ხშირად მილანის “ინტერს” ასახელებენ.
მიუხედავად ამისა, დიეგო სიმეონემ Sky Sport Italia-სთან საუბარში განაცხადა, რომ მარიოს გაშვებას ეწინააღმდეგება: “მარიო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი გაშვება არ გვინდა. რა მოხდება თუ მის სანაცვლოდ ფინანსურად საინტერესო წინადადებას მივიღებთ? ეს კითხვა საფეხბურთო დირექტორ კამინეროს და სპორტულ დირექტორ ანდრეა ბერტას უნდა დაუსვათ”.
27 წლის “ატლეტიკოს” აღზრდილი ფეხბურთელი სამწლიანი განშორების შემდეგ მშობლიურ კლუბს 2010 წელს დაუბრუნდა და პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.