გერმანიის მესამე ლიგაში მოასპარეზე “ჰალეშერის” შემტევი ნახევარმცველის აკაკი გოგიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.
ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა საზარდული ტრავმის გამო, “ზონენჰოფთან” საშინაო მატჩი (0:2) გამოტოვა. გუნდის ექიმის თომას ბარტელსის ინფორმაციით, მაგნიტო-რეზონანსულმა გამოკვლევამ გამოავლინა, რომ ფეხბურთელს მძიმე დაზიანება არ აქვს.
გოგიას დაბრუნებას მომდევნო ტურში “მაინცი II”-თან სტუმრად ჩასატარებელ მატჩში ელიან. 22 წლის ფეხბურთელმა, რომელიც გერმანიის მოქალაქეა, მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.