2014 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელის ვინაობა ცნობილია. ამ ჯილდოს ზედიზედ მეორედ პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ დაეუფლა.
დღეს სწორედ “ოქროს ბურთის” შესახებ ვისაუბერბეთ, თუმცა განსხვავებულ კონტექსტში. ჩვენ შევარჩიეთ ახლო წარსულის თხუთმეტი გამორჩეული ფეხბურთელი, რომელთაც არასდროს მოუგიათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი, მაგრამ ამ ჯილდოს თავიანთი კარიერიდან გამომდინარე ერთხელ მაინც იმსახურებდნენ. ფეხბურთელები, რომელთა კარიერის განვლილი გზა, ალბათ ოქროზე უფრო ფასეულია და ბრილიანტს წააგავს.
რაულ გონსალესი (ესპანეთი)
მადრიდის “რეალის” ლეგენდარული თავდამსხმელი მიუხედავად დიდებულად განვლილი კარიერული გზისა “ოქროს ბურთის” გარეშე დარჩა. რაული ყველაზე ახლოს ამ ჯილდოსთან 2001 წელს იყო, თუმცა მაშინ ფრანგული ჟურნალის “ფრანს ფუტბოლის” პრიზი ინგლისელ მაიკლ ოუენს ერგო.
ფრანკო ბარეზი (იტალია)
ფრანკო ბარეზიმ მთელი თავისი კარიერა ერთ გუნდს შესწირა და ფეხბურთის ქომაგებს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა. ბევრს ბარეზი ყველა დროის საუკეთესო უკანახაზელად დღემდე მიაჩნიათ. იტალიური “მილანის” გენიალური სტოპერი თავისი კარიერის გამო საუკეთესოებას ერთხელ მაინც იმსახურებდა. მაგრამ ფეხბურთში დაცვითი სტილის მოთამაშეებს შენდობა ნაკლებად აქვთ.
ფრანჩესკო ტოტი (იტალია)
ბარეზის დარად მშობლიური გუნდის ერთგული აღმოჩნდა მისივე თანამემამულე ფრანჩესკო ტოტი. შესაძლოა სწორედ ამ ფაქტორის გამოა, რომ დღეს ტოტის “ოქროს ბურთი” არ მოუგია. “ჩესკოს” 2003 წელს ლეგენდარული მიშელ პლატინი “რომას” დატოვებას ურჩევდა, თუ მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა სურდა. ტოტიმ “ოქროს ბურთსა” და გუნდურ ჯილდოებს ქომაგების სიყვარული ამჯობინა.
ოლივერ კანი (გერმანია)
ლეგენდარული გერმანელი მეკარე ოლივერ კანი 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, რაც მეკარისთვის უდიდესი აღიარება გახლდათ. მაშინ ბევრი იმედოვნებდა, რომ იმ წლის “ოქროს ბურთიც” მას დარჩებოდა, თუმცა ამაოდ. კანს ბრაზილიელმა რონალდომ აჯობა.
გაბრიელ ბატისტუტა (არგენტინა)
არგენტინელი გოლების მანქანა გაბრიელ ბატისტუტას პრობლემაც ალბათ იმაში მდგომარეობდა, რომ მან კარიერის ოქროს წლები მოკრძალებულ “ფიორენტინაში” გაატარა. გუნდთან ერთად კი საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევა უძნელდებოდა, ამის გარეშე კი “ოქროს ბურთის” მოგება მაშინაც და ახლაც წარმოუდგენლად რთულია.
ანდრეს ინიესტა (ესპანეთი)
ესპანეთის ნაკრებთან და კატალონიის “ბარსელონასთან” ერთად ყველა შესაჯლო და პრესტიჟული ტიტულის მოგების მიუხედავად ანდრეს ინიესტა “ოქროს ბურთის” გარეშე აგრძელებს თავის ბრწყინვალე კარიერას. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო უცნაურია იმის ფონზე, რომ ინიესტა თავისი ნაკრებისა თუ კლუბის წარმატებების ერთ-ერთი მთავარი დირიჟორი და სულისჩამდგმელი გახლდათ.
ფრენკ ლამპარდი (ინგლისი)
გენიალური კარიერა განვლო ინგლისელმა ფრენკ ლამპარდმაც. ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა ლიდერმა კარიერის განმავლობაში ერთი აღიარება დაიმსახურა, თუმცა არც “ფრანს ფუტბოლს” და შემდგომ არც ფიფას ის არ გახსენებია. ლამპარდის მთავარ მინუსად შეიძლება სანაკრებო დონეზე ვერ მიღწეული წარმატება ჩაითავლოს.
სტიევ ჯერარდი (ინგლისი)
ლამპარდის მსგავსად გამარჯვების გარეშე დარჩა ლივერპულელი სტივენ ჯერარდი. “სტივიჯის” ბევრის მოსაზრებით, 2005 წელს ყველაზე მეტად ეკუთვნოდა აღიარება. მაშინ ჯერარდის მეთაურობით “ლივერპულმა” ევროპულ მწვერვალზე დაიბრუნა ადგილი. თუმცა საბოლოო გამარჯვება იმ წელს გენიალურ ბრაზილიელს რონალდინიოს დარჩა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)
შვედი “ღმერთი” “ოქროს ბურთის” გარეშეა. იბრას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი კარიერის მთავარი მიზანი ამ პრიზის მოპოვებაა. იბრაჰიმოვიჩს ცუდ პერიოდში მოუწია თამაში, პერიოდი, რომელიც ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს გზას კვეთს. იბრაჰიმოვიჩის კიდევ ერთი პრობლემა ეროვნულ ნაკრებში მდგომარეობს. შვედეთის ნაკრებს საერთაშორისო დონეზე ხმამაღალი სიტყვის თქმა არხელეწიფება.
ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია)
ყველა დროის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს ეს ჯილდო არასდროს მოუგია. ჯანლუიჯი ბუფონს აღნიშნული ჯილდო განსაკუთრებით ორჯერ ეკუთვნოდა. პირველად 2003 წელს, როდესაც საბოლოო გამოკითხვაში მხოლოდ მე-8 ადგილი ერგო, ხოლო მეორედ, 2006 წელს, აღიარებამდე მხოლოდ ერთი საფეხური დააკლდა და თანამემამულე ფაბიო კანავაროს ჩამორჩა. თუმცა სათქმელია, რომ ბუფონის კარიერას “ოქროს ბურთის” ვერ მოგება, ვერანაირ ჩრდილს აყენებს.
პაოლო მალდინი (იტალია)
დღემდე ბევრი დაობს რომელია ყველა დროის საუკეთესო მცველი. ფრანკო ბარეზი თუ პაოლო მალდინი. მალდინიმაც მთელი თავისი კარიერა “მილანს” მიუძღვნა. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ხუთჯერ გახდა, თუმცა ინდივიდუალურად “ოქროს ბურთს” მაინც ვერ შეწვდა. არადა, 1994 წელს იტალიელ ფეხბურთელებს პენალტები უკეთ რომ დაერტყათ ვინძლო ამ სიაში პაოლოზე არც გვესაუბრა. მაშინ მალდინის მხოლოდ ბრაზილიელმა რომარიომ აჯობა. მალდინი კი მეორე ადგილს დასჯერდა.
ჩავი ერნადესი (ესპანეთი)
როგორც ანდრეს ინიესტას შემთხვევაში, იგივე უცნაურობასთან გვაქვს საქმე ჩავი ერნადესის შემთხვევაშიც. ესპანელი დირიჟორი “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ყოველი შეტევის მთავარი წარმართველი გახლდათ, მაგრამ ეს ყველაფერი “ოქროს ბურთის” მოსაგებად საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა.
ალესანდრო დელ პიერო (იტალია)
მიუხედავად შესანიშნავად განვლილი კარიერისა ალესანდრო დელ პიერო ამ ჯილდოს ვერ დაეპატრონა. ერთხელ ამის შესახებ რობერტო ბაჯომ საინტერესო რამ თქვა, - ბაჯოს თქმით, მისთვის ნამდვილი სკანდალია ის, რომ ალექსს არასდროს მოუგია “ოქროს ბურთი”. დელ პიერო აღნიშნულ აღიარებასთან ყველაზე ახლოს ზედიზედ ორჯერ იყო, 1996 და 1997 წლებში, თუმცა ორივეჯერ მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა. ბევრის მოსაზრებით, 1996 წელს მათიას ზამერზე მეტად სწორედ “იუვეს” ათიანი იმსახურებდა საუკეთესოს ჯილდოს, თუმცა...
ტიერი ანრი (საფრანგეთი)
გენიალურმა ფრანგმა აქტიური საფეხბურთო კარიერა ერთი თვის წინ დაასრულა, დაასრულა ისე, რომ მის ჯილდოებში “ოქროს ბურთი” არ ინახება. ტიერი ანრი 2004 წელს, ალბათ ამ ჯილდოს დაეპატრონებოდა კიდეც, რომ არა საფრანგეთის ნაკრების სრული ფიასკო ევროპის ჩემპიონატზე. საბოლოო გამარჯვება კი მაშინ უკრაინელ ანდრეი შევჩენკოს ხვდა წილად.
ანდრეა პირლო (იტალია)
ჩვენს სიაში ყველაზე მეტი იტალიელი ფეხბურთელი მოხვდა, მაგრამ შეუძლებელი იყო გვერდი აგვევლო იტალიელი მაესტროსთვის. ანდრეა პირლო 35 წლის ასაკშიც ძველებურად დირიჟორობს საკუთარ კლუბსა და ეროვნულ ნაკრებს, მაგრამ როგორც სჩანს “ოქროს ბურთის” მოსაგებად ეს არ კმარა. ანდრეა 2006 წელს ბრწყინვალედ ჩატარებული მუნდიალის შემდეგ ახლოს იყო აღიარებასთან, მაგრამ მხოლოდ მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.
რა თქმა უნდა ჩამონათვალი არასრულია, მაგრამ მაქსიმალურად შევეცადეთ 15-ეულში ის ფეხბურთელები მოგვეხვედრებინა, რომლებიც “ოქროს ბურთის” საკუთარ მუზეუმში დაბინავებას ყველაზე მეტად იმსახურებდნენ, მაგრამ როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ალბათ მათი კარიერა უფრო ფასეულია, ვიდრე ოქრო...