2014 წლის 30 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ ჭადრაკის განვითარების ოთხწლიანი სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. შესაბამისად პროგრამის ხარჯვითი ნაწილი 4 წელზე გადანაწილდა. გრძელვადიანი პროგრამა კი ჯამში 38 მილიონი ლარით დაფინანსდა. ამ ციფრმა ქართულ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. გაჩნდა კითხვა, რატომ დაფინანსდა ჭადრაკი ამხელა თანხით და არა სხვა სპორტის სახეობა.
“მსოფლიო სპორტი” საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს შეხვდა და აღნიშნული თემის შესახებ ესაუბრა. მინისტრმა განგვიმარტა ამ ეტაპზე ჭადრაკი რატომაა პრიორიტეტული.
ლევან ყიფიანი: "საქართველოში ბევრს ჭადრაკი სპორტის სახეობად არ მიაჩნია. არადა, ჩვენ მრავალწლიანი საჭადრაკო ისტორია გვაქვს და ინტერესი ამ სპორტის სახეობის მიმართ დიდია. უნდა აღინიშნოს, რომ ამხელა თანხა 4-წლიან პროგრამაზეა გათვლილი და არა ერთწლიანზე. 2018 წელს ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანი ტურნირები გაიმართება და ამ ღონისძიებების გამართვას შესაბამისი ხარჯები სჭირდება. ამავდროულად საქართველოს ცნობადობა უფრო ამაღლდება. როდესაც ქალბატონმა ნონამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, მაშინ ინტერესი ჭადრაკის მიმართ გაიზარდა და საბოლოოდ ჩვენი დონე ისე ამაღლდა, მსოფლიო მასშტაბის ტურნირებს ვატარებთ.
მეტი ყურადღება გვმართებს და კარგი იქნება თუ სხვა სახეობებიც წარმოგვიდგენენ ოთხწლიან სამოქმედო გეგმას. ჩვენ დიდი სიამოვნებით განვიხილავთ და შევეცდებით ხელი შევუწყოთ ნებისმიერ სახეობას. აჟიოტაჟია ატეხილი, რატომ ჭადრაკი და არა სპორტის სხვა სახეობა. გემახსოვრებათ, 2012 წელს რაგბის დაფინანსების საგრძნობლად გაზრდის დროს ხალხი მაინც გვაკრიტიკებდა და საბოლოოდ შედეგი მივიღეთ. იყოს სამოქმედო გეგმა, იყოს შედეგი მსოფლიო მასშტაბით და ნებისმიერ სპორტის სახეობას შეეძლება პრიორიტეტული გახდეს და ყველაზე მეტი დაფინანსებაც ჰქონდეს. 2015 წელს, წინა წლისგან განსხვავებით სპორტულ ფედერაციებზე დაფინანსება 20-30%-ით გაიზარდა და ამ პროცესს კიდევ გავაგრძელებთ, თუ რა თქმა უნდა, შედეგი იქნება.
- საზოგადოებისთვის ყველაზე აქტუალური მაინც საფეხბურთო თემაა. 2014-სა და 2015 წელში ფეხბურთისთვის 7 მილიონი ლარი გამოიყო, რა გეგმები აქვს სახელმწიფოს ამ სპორტის სახეობის განვითარებისთვის და თუ გაიზრდება ბიუჯეტი?
- კონკრეტული პროექტები სპორტული ფედერაციების განსახილველი თემაა. მათ მიერ წარმოდგენილ გეგმებს სახელმწიფო განიხილავს და შესაბამისად თანხაც გამოიყოფა. ფეხბურთი ჩემთვის მტკივნეული თემაა და ამ სახეობაში პრობლემების გადაწყვეტა ჩემი მიზანია. ფეხბურთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი, ვინც არ უნდა მოვიდეს სათავეში, უნდა მოხდეს სწორი ანალიზი, შედგეს გეგმა და შექმნილი სახელმწიფო კომისია განიხილავს ფეხბურთის დაფინანსებას სხვადასხვა კუთხით. ასე ჰაერზე ფულის გაცემა არ ხდება. სახელმწიფოს გადასაყრელი თანხა არ აქვს. უნდა აიგოს სწორი ვერტიკალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გავიგებთ რაში უნდა დაიხარჯოს ფული.
ძალიან კარგია, თბილისმა ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობის უფლების მოპოვება რომ მოახერხა. განვითარებული ინფრასტრუქტურული ბაზა საშუალებას მოგვცემს დედაქალაქში საერთაშორისო ტურნირები ჩავატაროთ. სპორტულ საზოგადოებას მოვუწოდებ კონსოლიდაციისკენ. სახელმწიფომ არ უნდა იტვირთოს ფინანსური გამტარის როლი, ფედერაციებს მართებთ რეაგირება. გუნდურ სახეობებს მეტი ინფრასტრუქტურა სჭირდება, რათა ტურნირები დაიგეგმოს და ჩატარდეს საქართველოში.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წლიური დაფინანსება 70 მილიონი ლარი აქვს. ამ თანხიდან ფინანსდება 40-მდე სპორტის სახეობა და სამინისტროსთან სხვადასხვა დაქვემდებარებული ორგანიზაციები.
გარდა ფეხბურთისა, საქართველოში ყველაზე აქტიურ სპორტის სახეობებს დაფინანსება გაეზარდა. როგორც მოგახსენეთ, წინა წლის მსგავსად ფეხბურთის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით განისაზღვრა. ამ თანხით სამინისტრო სხვადასხვა ასაკობრივ და ეროვნული ნაკრების შეკრებებს აფინანსებს. აგრეთვე ამ ბიუჯეტში შედის ეროვნული ჩემპიონატის კლუბებზე გამოყოფილი თანხა, რომელიც 2.4 მილიონ ლარს შეადგენს.
აქვე გაგაცნობთ სიას, თუ რამდენი დაიხარჯა სხვადასხვა სპორტის სახეობებში წინა წელს და რამდენია გამოყოფილი 2015 წლისთვის.
ფეხბურთი - 2014 წელი - 7 მილიონი, 2015 წელი - 7 მილიონი
კალათბურთი - 2014 - 2.5; 2015 - 7
რაგბი - 2014 - 10.5; 2015 - 12.5
ჭიდაობა - 2014 - 2; 2015 - 2.5
ძიუდო - 2014 - 2; 2015 - 2.3
ჭადრაკი - 2014 - 1.25; 2015 - 2
ხელბურთი - 2014 - 0.5; 2015 - 1
პაროლიმპიური სახეობები - 2014 - 0.2; 2015 - 0.35
ფარიკაობა - 2014 - 0.24; 2015 - 0.35
წყალბურთი - 2014 - 1.35; 2015 - 1.8
ქართული ჭიდაობა - 2014 - 0.21; 2015 - 0.25
სპორტის სხვა სახეობები - 2015 - 7.65
მასობრივი სპორტი - 2015 - 1.85