ფეხბურთი

16:36 | 12.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

შეხვედრა “ზესტაფონის” ოფისში – ზესტაფონში ფეხბურთი არ უნდა “მოკვდეს”

“ზესტაფონის” პრეზიდენტი ილია კოკაია და კლუბის გენდირექტორი მიხეილ ხუციშვილი ორშაბათს თბილისში იმერული კლუბის საფეხბურთო ოფისში ზესტაფონის გამგებელს ტარიელ თუთარაშვილს, ამავე ქალაქის საკრებულოს თავჯდომარეს დავით მაღრაძეს, იმერეთის მხარის გუბერნატორის მოადგილეს გიორგი ჭიღვარიას, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელს რევაზ რობაქიძეს და პარლამენტარ შალვა კიკნაველიძეს შეხვდნენ. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ზესტაფონელთა პრესატაშე სერგო ფუტკარაძემ განუცხადა.

შეხვედრის მთავარი მიზანი ზესტაფონში ფეხბურთის გადარჩენაა, რადგან ჯერჯერობით გაურკვეველია, ქვეყნის ორგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეში ითამაშებს თუ არა.

ფუტკარაძის თქმით, მხარეებმა ბევრ საკითხზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ პრობლემა ერთობლივადაა მოსაგვარებელი. მუნიციპალიტეტი მზადაა, რომ “ზესტაფონის” საშინაო არენის შესანახად წლის განმავლობაში 300000 ლარი დახარჯოს, მაგრამ სტადიონი კლუბის ბალანსზეა და ამ შემთხვევაში მოსაფიქრებელია ხსენებული თანხის ათვისება როგორ უნდა მოხდეს.

კოკაიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია. მისი თქმით, კერძო კლუბები მუნიციპალურებთან შედარებით არათანაბარ პირობებში არიან. “ზესტაფონის” პრეზიდენტის თქმით, ბიუჯეტში მის მიერ გადახდილი თანხებით, ზესტაფონელთა მეტოქეები ფინანსდებიან.

კოკაიას აზრით, ასეთი არათანაბარი პირობები კერძო ინვესტორებს ფეხბურთი ფულის ჩადების სურვილ უკარგავს და თუ პრობლემა არ მოგვარდა, კერძო ინვესტორების ქართულ ფეხბურთში შენარჩუნება გაძნელდება.

ფუტკარაძემ ხაზი გაუსვა, რომ ამ შეხვედრის შემდეგ გუნდის გადარჩენა-არგადარენაზე საუბარი ნაადრევია. თუმცა, ორივე მხარე ერთსულოვანია, რომ ზესტაფონში ფეხბურთი არ “მოკვდეს”.

0.114882