არნემის “ვიტესის” კაპიტანმა გურამ კაშიამ ინტერნეტპორტალ omroepgelderland.nl-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე რთული უთამაშებლობის პერიოდი იყო.
“ეს ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი იყო. თუმცა, მწვრთნელს ვესაუბრე. მაშინ, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებოდით. ხანდახან ჩემს ხასიათში რაღაც უნდა შევცვალო. ბავშვობიდან ასე ვარ აღზრდილი და სხვაგვარად არ შემიძლია. მოედანზე ყოველთვის ერთი და იგივე გურამ კაშიას ხედავთ. კონცენტრირება და მაქსიმალური მოტივირება შემიძლია”, – თქვა კაშიამ, რომელსაც არნემელებთან კონტრაქტი 2016 წლის შუა პერიოდამდე აკავშირებს.
“ვიტესის” მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ბოშმა განაცხადა, რომ “ტვენტესთან” მატჩში კაშიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა:
“გურამმა ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო. ხანდახან გჭირდება ბიჭები, რომლებიც ამას მოახერხებენ. კაშია სწორად მოიქცა, როდესაც არ თამაშობდა. ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ გუნდთან საუბარი სურდა. მისი ნაბიჯი ძალიან მომეწონა. მას არ უნდა ეთამაშა, მაგრამ კრეისვიკმა ტრავმა მიიღო და ამიტომ მინდორზე მაინც გავიდა. იმ პერიოდში გურამი მხოლოდ თავის თავზე არ ფიქრობდა, რაც ძალიან ჭკვიანურია”.
თავის მხრივ, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი დადებითად აფასებს, რომ “ვიტესის” თავკაცმა მას გაუგო:
“მისი გადაწყვეტილება ჩემთვის გასაგები იყო. მწვრთნელს ვენდობი და ყოველთვის ასე იქნება. როცა გვიჭირდა ერთმანეთს ვეხმარებოდით. ზოგჯერ საქმე ისე არ მიდის, როგორც საჭიროა და კაპიტანმა რაღაც უნდა თქვა. როდესაც არ თამაშობ, მაინც კაპიტნად უნდა დარჩე. მეამაყება, რომ ამ გუნდის კაპიტანი ვარ. საწყისი 6 ტურის შემდეგ მხოლოდ ქულა რომ გვქონდა, გულშემატკივრები გაბრაზებულნი იყვნენ. ზოგჯერ რთული პერიოდია, მაგრამ პასუხისმგელობას ვგრძნობ კლუბის, მწვრთნელებისა და მოთამაშეების წინაშე”.
ესპანეთში ჩატარებულ შეკრებაზე კაშია თავგადაპარსული იყო, რაც მან ასე ახსნა:
“ჩემს თანამემამულ ვაკო ყაზაიშვილთან “ფლეისთეიშენის” თამაშის დროს ნაძლევი წავაგე. საერთოდ, “ფლეისთეიშენი” არ მიყვარს, მაგრამ თავის გადაპარსვა მომიწია. საბედნიეროდ, წვერი კიდევ დამრჩა”.
omroepgelderland.nl-თან ინტერვიუში კაშიას არ დაუმალავს, რომ ჩემპიონთა ლიგაში თამაშზე ოცნებობს:
“ჩემპიონთა ლიგაში თამაშზე დღემდე ვოცნებობ. შარშან მიზანთან ახლოს ვიყავით, მაგრამ იმედი მაქვს, სიზმარი კიდევ ამიხდება. მომწონს მუსიკა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე უკრავენ და წარმოვიდგენ, რომ მეც იქ ვდგავარ. რასაც გულით გრძნობ, იმის მიღწევას უნდა შეეცადო. “აიაქსთან” სათასო მატჩში მთელი გუნდი 90 წუთის განმავლობაში იბრძოდა. არავინ თქვას, რომ ჩვენ კარგად იმიტომ ვითამაშეთ, რადგან “აიაქსი” ცუდად გამოიყურებოდა”.