ნბა-ს 2012-13 წლების სეზონი ნელ-ნელა დასასრულისკენ მიიწევს. აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების ფინალებში გასული გუნდებიდან მხოლოდ "სან ანტონიოს" ჰყავს ისეთი დამრიგებელი, რომელიც 10 ყველაზე ანაზღაურებად მწვრთნელთა შორის შედის. მოდი, ერთად გადავხედოთ ამ საინტერესო სიას.
9-10. მაიკ დანტონი("ლეიკერსი"), მაიკ ვუდსონი ("ნიუ იორკი")
კონტრაქტი: 4 მილიონი, 2014-15 წლების სეზონის ბოლომდე
შარშან ეს ორი სპეციალისტი ერთად მუშაობდა "ნიქსში", თუმცა 2012-13 წლების სეზონის სტარტზე მათი გზები გაიყო. მაიკ დანტონი მუხლის ოპერაციის შემდეგ პირდაპირ ვარსკვლავებით გადაჭედილ "ლეიკერსის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ვუდსონმა კი "ნიუ იორკი" ერთპიროვნულად ჩაიბარა.
ვუდსონსა და დანტონის საერთი თითქმის არაფერი აქვთ, გარდა იმისა, რომ ერთნაირი კონტრაქტები აკავშირებთ თავთავიანთ გუნდთან, მეორე საკითხია, თუ როგორ ამართლებენ ისინი მათზე გაცემულ ავანსებს.
"ლეიკერსის" მთავარმა მწვრთნელმა სრულად ჩააგდო მიმდინარე სეზონი, რადგან სცადა, კალიფორნიულ საკალათბურთო გრანდს სწრაფი კალათბურთი ეთამაშა ვეტერანი კობი ბრაიანტით, მობერებული სტივ ნეშით და მძიმეწონოსანი დუაიტ ჰოვარდით. "ტბელები" დიდი წვალებით, მერვე პოზიციიდან გავიდნენ პლეი ოფში, თუმცა პირველსავე რაუნდში "სან ანტონიოსთან" 0:4 განადგურდნენ.
მაიკ ვუდსონმა კი, პირიქით, მოულოდნელად ძალზე სიმპატიური გუნდი შექმნა "ნიუ იორკ ნიქსისგან". მან ძალიან კარგად გამოიყენა მოძრავი რეიმონდ ფელტონი, საუკეთესო კალათბურთი ათამაშა ჯეი არ სმიტს (რომელის წლის საუკეთესო შემცვლელი გახდა), ხოლო გუნდის ლიდერმა კარმელო ენტონიმ კარიერაში ყველაზე ნათელი სეზონი ჩაატარა, გახდა რა რეგულარული გათამაშების ბომბარდირი.
თუმცა 2012 წლის ზაფხულში გუნდის შემადგენლობაში აყვანილმა დიდი რაოდენობით ვეტერანებმა მათზე გაცემული ავანსები ფაქტობრივად ვეღარ გაამართლეს. პლეი ოფში "ნიქსს" დააკლდა: შიდი უოლესი, კურტ ტომასი, მარკუს კემბი (რამდენიმე წუთი ითამაშა) და ჯეისონ კიდი (21 აპრილის შემდეგ უქულოდ ტოვებდა მოედანს). სწორედ ეს გახლდათ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომ "ნიუ იორკი" აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალიდან გამოვარდა - "ინდიანასთან" 2:4.
8. მაიკ ბრაუნი ("კლივლენდი")
კონტრაქტი: 4 მილიონი, 2017-18 წლების სეზონის ბოლომდე
ყველა წინასასეზონო მატჩის წაგებისა და რეგულარულ გათამაშებაში უხეირო სტარტის შემდეგ, ჯიმი ბასმა მაიკ ბრაუნი "ლეიკერსის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. გაჩნდა მოსაზრება, რომ ბრაუნი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ შეძლებდა ნბა-ს რომელიმე გუნდის მთავარ მწვრთნელობას, თუმცა მოულოდნელად, სეზონის მიწურულს "კლივლენდმა" მას ეს პოსტი შესთავაზა იგივე საკონტრაქტო პირობებით, რაც მას "ლეიკერსში” ჰქონდა. "კავალიერსის" ხელმძღვანელებს ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ, თუ რა წარმატებებს მიაღწია მათმა გუნდმა მაიკის ხელმძღვანელობით ლებრონ ჯეიმსის ერაში.
7. ბაირონ სკოტი ("კლივლენდი")
კონტრაქტი: 4,5 მილიონი, გათავისუფლებული
მაიკ ბრაუნმა სწორედ ბაირონ სკოტი შეცვალა "კლივლენდის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. არადა სკოტს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული და პერსპექტიული გუნდი ჰყავდა მთელი ლიგის მასშტაბით. "კავალიერსის" რიგებიდან კაირი ირვინგმა, ტრისტან ტომპსონმა, ტაილერ ზილერმა და დიონ უეიტერსმა ამომავალ ვარსკვლავთა მატჩში მიიღეს მონაწილეობა. "ბოლომდე გაიხსნა" ანდერსონ ვარეჟაო, რომელიც კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებდა (საშუალოდ მატჩში - ორმაგი დუბლი: 14,1 ქულა, 14,4 მოხსნა). თუმცა რეგულარული გათამაშების მეორე ნახევარში ყველაფერი აირია. ჯერ ბრაზილიელი ცენტრი დაიმტვრა, შემდეგ ირვინგმა მიიღო რამდენიმეჯერ მცირე დაზიანებები, რამაც გუნდის საბოლოო შედეგზე იმოქმედა და “კლივლენდი” ლოგიკურად ვეღარ გავიდა პლეი ოფში, რაც გუნდის ხელმძღვანელებმა ბაირონს უკვე აღარ აპატიეს და კარისკენ მიუთითეს. იყო ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, რომ სკოტს ირვინგთან ურთიერთობები აერია, თუმცა კაირიმ გაიგო რა ბაირონის განთავისუფლების შესახებ, პრესკონფერენციაზე კინაღამ იტირა სინანულისგან და ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან, თუმცა დარჩა უმთავრესი მიზეზი: ამ სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა დაცვაში თამაში არ იცოდა.
6. სკოტ ბრუქსი ("ოკლაჰომა")
კონტრაქტი: 4,5 მილიონი, 2015-16 წლების სეზონის ბოლომდე
2012 წელს "ოკლაჰომას" სუპერფინალში გაყვანით სკოტმა ახალი კონტრაქტი დაიმსახურა, თუმცა წლეულს უკვე გამოჩნდა, რომ "თანდერის" ხელმძღვანელებმა, ცოტა არ იყოს, იჩქარეს. ისინი ბრუქსისგან ჩემპიონობას ელიან, თუმცა სეზონის წინ გატარებული სატრანსფერო პოლიტიკის შემდეგ ეს ცოტა არარეალურად მოჩანდა - გუნდმა დაკარგა ჯეიმს ჰარდენი, მის მაგივრად კი მოიყვანა კევინ მარტინი, რომელსაც შეტევაში არაფერი დაეწუნება, თუმცა დაცვაში ძალიან სუსტია და მთავარი - ის არაა დაჯილდოებული ლიდერის თვისებებით.
ძაზლე დამაჯერებლად ჩატარებული რეგულარული სეზონის შემდეგ ("ოკლაჰომამ" დასავლეთ კონფერენცია მოიგო), პლეი ოფის პირველ რაუნდში რას ვესტბრუკის ტრავმამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. სკოტს ჰქონდა შანსი, სრულიად შეეცვალა გუნდი და "თანდერს" გაცილებით მსუბუქი ხუთეულით ეთამაშა, ამოეგდო რა სასტარტოდან უფერული კენდრიკ პერკინსი, მისი ადგილი კი მოძრავი ნიკ კოლისონით შეევსო, თუმცა ბრუქსმა ეს ვერ გარისკა. მან ტრავმირებული ვარსკვლავი უბრალოდ რეჯი ჯექსონით შეცვალა და შესაბამისად, "მემფისთან" სერიაში ჩაფლავდა კიდეც - 1:4.
5. ტომ ტიბოდო ("ჩიკაგო")
კონტრაქტი: 4,55 მილიონი, 2016-17 წლების სეზონის ბოლომდე
შეგვიძლია, ტომ ტიბოდო ლიგის უკვე ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად დავასახელოთ, რადგან რაც მან შეძლო მიმდინარე სეზონში, ამას ბევრი სახელოვანი და გამოცდილი სპეციალისტი ვერ გაართმევდა თავს.
2012 წლის შემოდგომაზე თითქმის ყველა სპეციალისტი აუტასიდერობას უწინასწარმეტყველებდა "ჩიკაგოს", რადგან დერიკ როუზი დამტვრეული გახლდათ, ვარსკვლავის რანგში მოყვანილი კარლოს ბუზერი დაცვაში საერთოდ არ თამაშობდა, სუსტად გამოიყურებოდა სათადარიგოთა სკამი, მაგრამ მიუხედავად ამ ფაქტორებისა, ტიბოდომ ერთ-ერთი ყელაზე სიმპათიური გუნდი ჩამოაყალიბა. მაღალ დონეზე ჩატარებული რეგულარული სეზონის შემდეგ (მესამე ადგილი კონფერენციაში), ჩიკაგოელები პლეი ოფის პირველ რაუნდში "ბრუკლინს" შეხვდნენ და 7-მატჩიან თრილერში მისი წინააღმდეგობა გადალახეს. "ბულზის" მთავარმა მწვრთნელმა ახალი ტალანტი აღმოაჩინა - ჯიმი ბატლერი, რომელიც შეტევასა და დაცვაშიც ერთნაირად სასარგებლო იყო, მაქსიმუმი გამოიწურა მოხულიგნო ნეით რობინსონისა და ვეტერანი ნაზი მოჰამედისგან. კიდევ ერთხელ გამოჩნდა - ტომ ტიბოდო ძალიან კარგად უღებს ალღოს მის ირგვლივ შექმნილ რთულ სიტუაციებს და სწორი დასკვნების წყალობით ადვილად ახერხებს ფონს გასვლას.
4. რიკ კარლაილი ("დალასი")
კონტრაქტი: 4,6 მილიონი დოლარი, 2015-16 წლების სეზონის ბოლომდე
კარლაილმა თავისი რეპუტაცია 2 წლის წინ დაამტკიცა, როდესაც "დალასი" გააჩემპიონა. ამის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ სატრანსფერო ბაზარზე პოზიციები დათმო და მიყოლებით გაუშვა წამყვანი მოთამაშეები: ტაისონ ჩენდლერი, ჯეისონ კიდი, ჯეისონ ტერი, შონ მერიონი. მათ მაგივრად კი საშუალო დონის შემსრულებლები მოიყვანა. ო ჯეი მეიო ძალიან არასტაბილურად გამოიყურებოდა მთელი სეზონის განმავლობაში, ახალგაზრდა რაიტმა სათანადო დახმარება ვერ გაუწია დირკ ნოვიცკის სამწამიან ზონაში, ხოლო გუნდის შემადგენლობაში დარჩენილი ვეტერანებისგან რიკმა ალბათ მაქსიმუმი გამოწურა. "მავერიქსი" სავსებით ლოგიკურად დარჩა პლეი ოფს მიღმა და მომავალ სეზონს დაელოდება. გუნდის მფლობელმა მარკ კიუბანმა წესით ერთი მაღალი კლასის მოთამაშე უნდა დაიმატოს გუნდში, რადგან კლუბის სახელფასო ბიუჯეტი ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა.
3. რიკ ადელმანი ("მინესოტა")
კონტრაქტი: 5 მილიონი დოლარი, 2014-15 წლების სეზონის ბოლომდე
დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება იმაზე კამათი, არის თუ არა რიკ ადელმანი ელატური დონის მწვრთნელი, მაგრამ ალბათ არც ღირს დავა, რომ იგი უაღესად გამოცდილია და თავისი საქმის პროფესიონალიცაა. წლეულს მას "მინესოტაში" ერთ-ერთი ყველაზე "თეთრი" გუნდის ხელმძღვანელობა უხდებოდა, თუმცა წამყვანი მოთამაშეების ტრავმების გამო მთელი სეზონის განმავლობაში "თიმბერვულვზი" ტრამვმატოლოგიური კლინიკის ერთ-ერთ პალატას უფრო ჰგავდა, ვიდრე პლეი ოფში გამსვლელ გუნდს.
ამჟამად ადელმანი ნამდვილი დილემის წინაშე დგას - გარისკოს საკუთარი რეპუტაციით და მომავალ სეზონშიც უთავკაცოს "მინესოტას", თუ ოჯახზე გააკეთოს მთავარი აქცენტი და ავადმყოფ მეუღლეს მკურნალობის კურსის ჩასატარებლად სხვა ქალაქში გაჰყვეს.
2. გრეგ პოპოვიჩი ("სან ანტონიო")
კონტრაქტი: 6 მილიონი დოლარი
გრეგ პოპოვიჩი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი მწვრთნელია ნბა-ს ისტორიაში. მან "სან ანტონიოში" ნამდვილი იმპერია შექმნა და უკვე ზედიზედ 14 სეზონია, მისი გუნდი რეგულარულ გათამაშებაში 50 ან მეტ გამარჯვებას აგროვებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ლიგაში ამჟამად დასაქმებულ მწვრთნელთა შორის ყველაზე მეტი საჩემპიონო ბეჭედი მას აქვს - 4. თუკი სხვა გუნდის წარმომადგენლები წლობით ელოდებიან დრაფტზე სასურველ არჩევანს, ან სატრანსფერო ბაზარზე ცდილობენ, შემდგარი ვარსკვლავები შეიძინონ, პოპოვიჩი პიტერ ჰოლტთან (გუნდის მეპატრონე) და ეი სი ბუფორდთან (გენერალური მენეჯერი) ერთად საზოგადოებისთვის შედარებით უცნობი მოთამაშეებით აკომპლექტებს გუნდს, რის შემდეგაც ეს კალათბურთელები მალე ვარსკვლავები ხდებიან - ეს "სპურსის" ფილოსოფიაა.
1. "დოკ" გლენ რივერსი ("ბოსტონი")
კონტრაქტი: 7 მილიონი დოლარი, 2016-17 წლების სეზონის ბოლომდე
დოკ რივერსი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს საკალათბურთო წრეებში. იგი "დრიმ თიმის" მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად განიხილება და არც თუ უსაფუძვლოდ. მან 2008 წელს "დიდ ტრიოსთან" (პირსი, გარნეტი, ალენი) ერთად შეძლო სანუკვარი საჩემპიონო ბეჭდის მოგება და "სელტიქსის" ისტორიაში შავბნელი ხანა დაასრულა.
"დოკი" შესანიშნავი ტაქტიკოსია და აქვს იმის შესაძლებლობა, თავისი გუნდის შემადგენლობაში მყოფი კალათბურთელებისგან მაქსიმუმი გამოწუროს. წლეულს რაჟან რონდოს ტრავმამ "ბოსტონს" წარმატების საფუძველი გამოაცალა, მაგრამ მიუხედავად ამისა, "მწვანეები" მაინც სოლიდურად გამოიყურებოდნენ. ამობრწყინდა ჯეფ გრინი და უკვე ჩანს იმ გუნდის პერსპექტივები, ვის ირგვლივაც უნდა აშენდეს ახალი "მწვანე იმპერია".
მიმდიანრე სეზონში ჩატარდა გამოკითხვა ნბას კალათბურთელთა შორის, თუ ვისი ხელმძღვანელობით ისურვებდნენ თამაშს და უმეტესობამ რივერსი დაასახელა.