საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები იაპონურ შეკრებაზე 30 ივნისს გაემგზავრება. წინასწარი გეგმით, ქართული დელეგაცია ძიუდოს სამშობლოში ამ დღეებში უნდა ჩასულიყო, მაგრამ მასპინძელთა მიზეზით, თარიღმა ათიოდ დღით გადაიწია.
“წინასწარი შეთანხმების შეცვლა იაპონელებმა შიდა უნივერსიადის გამო მოითხოვეს. მთელი ქვეყანა იმ შეჯიბრებისთვის ემზადება და ერთობლივი შეკრების თარიღიც ამიტომ გადასწიეს. ერთგვარ კომპენსაციად კი ძირითად ნაკრებთან ერთად 10 ვარჯიშის ჩატარებას დაგვპირდნენ. 1-23 ივნისს ქართული გუნდი ტოკაის უნივერსიტეტის დარბაზში მოემზადება. ის 10 ვარჯიში კი ტოკიოს ოლიმპიურ ცენტრში ჩატარდება, სადაც მასპინძელთა ის გუნდი გადის წვრთნას, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრება”, – გვითხრა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელმა გიორგი ალექსიძემ.
იაპონიაში გამგზავრებამდე, საქართველოს ნაკრები დუშეთის ოლიმპიური მომზადების ცენტრს დაუბრუნდება და გაფართოებული შემადგენლობით ივარჯიშებს. შემდეგ კი გუნდის ავსტრიელი თავკაცი პეტერ ზაიზენბახერი აზიაში წამსვლელ სპორტსმენთა სიას სავარაუდოდ თავიდან გამოაცხადებს. შესაძლოა, ორიოდ კვირის წინ დასახელებულ 16-კაციან შემადგენლობაში არც არაფერი შეცვალოს, მაგრამ წინ კიდევ 10 დღე აქვს და სხვა კანდიდატებსაც დააკვირდება.
ოთარ მაღლაკელიძე







