ჭადრაკი

21:35 | 16.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ აზმაიფარაშვილმა საარჩევნო კამპანია წარადგინა

 

დღეს, 16 მარტს, ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში, საერთაშორისო დიდოსტატმა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილმა 2014 წლის ევროპის საჭადრაკო ფედერაციის საარჩევნო კამპანია წარადგინა, სადაც აზმაიფარაშვილი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. ქართველი დიდოსტატის გარდა, პრეზიდენტის სავარძლისთვის ევროპის ჭადრაკის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი სილვიო დანაილოვი (ბულგარეთი) იბრძოლებს. პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატთა დარეგისტრირების ვადა 5 მაისს იწურება. ზურაბ აზმაიფარაშვილის საარჩევნო კამპანიის ოფიციალური პლატფორმის წარდგენას სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოსული ცნობილი მოჭადრაკე იუდით პოლგარი (უნგრეთი), ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი (რუსეთი), საბერძნეთის და მონაკოს ჭადრაკის ფედრაციის პრეზიდენტები, საქართველოს ექს-პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჭადრაკში მსოფლიო 5-გზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, ცნობილი კომენტატორი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი კალათბურთში ჯამლეთ ხუხაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, რამდენიმე მისი კოლეგა და სხვა ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

სიტყვით წარდგენის რამდენიმე მონაწილე:

ზურაბ აზმაიფარაშვილი: “ყველას მინდა მოგესალმოთ და მადლობა მოგახსენოთ აქ მობრძანებისთვის. მადლობა ჩემი გუნდის წევრებს, რომლებიც ევროპის საჭადრაკო ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემს გვერდით იქნებიან. მადლობა მედიის წარმომადგენლებს, მადლობა ყველას, ვინც გვერდში დამიდგება.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მომავალი ისტორიის გარეშე ავაშენოთ. ამ ცოტა ხნის წინ ზოგიერთებს ეგონათ, რომ ისტორია 2004 წლიდან იწყებოდა. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, რომ ეს ასე არაა.

რაც შეეხება ევროპის საჭადრაკო კავშირის ისტორიას, იგი მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ ისტორიას. ევროპის ჭადრაკის ფედერაციის მუშაობა დღევანდელ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. არ აქვს შექმნილი კომისიები ისე, როგორც ფიდეშია. ამიტომ მეტი ხალხი, მეტი ჩართულობა გვჭირდება. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ჩემი ერთადერთი პრიორიტეტი მცირე ქვეყნების დახმარება იქნება. ამ ქვეყნებს დახმარება სჭირდებათ სწორი სტრატეგიისთვის. მნიშვნელოვანი იქნება მედია სტრუქტურის განვითარება. ჭადრაკის კიდევ უფრო განვითარებისთვის ჩვენ და ფიდემ ერთობლივი სტრატეგია უნდა შევიმუშავოთ. ევროპის ჭადრაკის ფედერაციის ოფისი დასალვეთ, ან ცენტრალურ ევროპაში უნდა იყოს, რადგან ამ რეგიონში სხვებისგან განსხვავებით უფრო დიდი გამოცდილება აქვთ. ამ რეგიონში ასევე დიდია კაპიტალი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჭადრაკის განვითარებისთვის. მე მათხოვრობას არ ვაპირებ. ამიტომ უნდა შევიმუშაოთ და წარმოვადგინოთ გეგმა, რისთვისაც დაგვაფინანსებენ. ჩემს გუნდში იქნება ჩემი ყოფილი მოწაფე იუდით პოლგარი. იგი პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს. მე, როგორც პოლიტიკოსი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ იუდით პოლგარი პოლიტიკაში არ შემოვიდეს. ჩემი გუნდის სრული შემადგენლობა მაისამდე გახდება ცნობილი...”

ბიძინა ივანიშვილი: “დღეს ზურაბის დაბადების დღეა. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს ცხოვრებაში. იგი ყველაზე წარმატებული სპორტსმენია ქართველ ვაჟ მოჭადრაკეთა შორის. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ევროპის ჭადრაკის ფედერაციაშიც წარმატებით გაართმევს თავს მის მოვალეობას...”.

კირსან ილუმჟინოვი: “ფიდე მსოფლიოს 181 ქვეყანას აერთიანებს. დღეს მნიშვნელოვანი დღეა არა მარტო ზურასთვის, არამედ მთელი საჭადრაკო სამყაროსთვის. დღევანდელ იუბილარს მინდა ჭადრაკის ცხენი ვაჩუქო, რომელიც საჭადრაკო ცხენივით მოულოდნელ სვლებს აკეთებს ცხოვრებაში. საჭადრაკო ცხენთან ერთად გჩუქნი ყალმუხურ ცხენს. ზურაბ ალექსეევიჩს ადმინისტრაციული მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. იგი არის იმ ქართული საჭადრაკო სამყაროს წარმომადგენელი, რომელსაც სახელი მსოფლიო მრავალგზის ჩემპიონებმა ნონა გაფრინდაშვილმა და მაია ჩიბურდანიძემ გაუთქვეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ზურაბ აზმაიფარაშვილს და გვჯერა, რომ გაამართლებს...”.

ჯამლეთ ხუხაშვილი: “მე არ ვარ მოჭადრაკე, მაგრამ სპორტის ამ სახეობასთან მაინც ახლო ურთიერთობა მაქვს. ჩემი ახლო ნათესავია ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი სოფიკო ხუხაშვილი, სიძეა საერთაშორისო დიდოსტატი ედუარდ გუფელდი, რომელმაც სიცოცხლის ბოლო წლები საქართველოში გაატარა. იუდით პოლგარის საქართველოში ჩამოსვლა დაემთხვა ქართველი და ებრაელი ერის 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს. შეიძლება ბევრმა არ იცოდეთ, რომ იუდითის უმცროსი და სოფი პოლგარი ქართველ ებრაელზე, ქოსაშვილზეა გათხოვილი. მინდა გამცნოთ, რომ ისრაელსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდა. თბილისში, ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე შენდება ებრაული კულტურის მუზეუმი. ახლახანს ისრაელიდან დამირეკეს, რომ აზმაიფარაშვილს არჩევნებში ისრაელისგან ერთი ხმა გარანტირებული აქვს...”.

ზემოთ ნახსენებ პირებთან ერთად სიტყვით გამოვიდნენ გია გიორგაძე, ლევან ყიფიანი, იუდით პოლგარი...

ევროპის ჭადრაკის ფედერაციის არჩევნები წლეულს, 12 აგვისტოს, ქალაქ ტრომსიოში (ნორვეგია) მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მსვლელობის დროს გაიმართება.

0.145993