2013 წლის 30 დეკემბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან შეკრებილ 200-მდე გულშემატკივარს სახეზე მოუთმენლობა ეტყობოდათ. ამ დღეს ,,ზესტაფონის’’ ფანკლუბის ინიციატივით ისინი ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელს უნდა შეხვედროდნენ.
როგორც ფეხბურთის მოყვარულებს მოეხსენებათ, სეზონის დაწყებამდე კლუბის ხელმძღვანელებს მოლაპარაკება ჰქონდათ მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელობასა და ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატ ბატონ გოგი ქავთარაძესთან. მათ კლუბს დახმარება აღუთქვეს, რაც ინფრასტრუქტურის შენახვასა და სამომავლოდ მის განვითარებას ითვალისწინებდა. რადგან 2013 წელს ეს ვეღარ მოესწრებოდა, წლის ბოლომდე ყველა ხარჯის დაფარვა საკუთარ თავზე კლუბის ხელმძღვანელობამ აიღო, ხოლო მუნიციპალიტეტის გამგეობის დახმარება 2014 წლის დასაწყისიდან უნდა ამოქმედდეს. სწორედ ამის გასარკვევად იყო დანიშნული დღევანდელი შეხვედრა, თუ რამდენად შეასრულებდა ქალაქის ხელმძღვანელობა კლუბისთვის მიცემულ შეპირებას.
დღის 12 საათზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ თუთარაშვილმა ფანკლუბის წევრები თავის კაბინეტში მიიწვია. შეხვედრაზე აგრეთვე მიწვეულნი იყვნენ ჟურნალისტები და კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელი სერგო ფუტკარაძე. შეხვედრა ძალიან ხანმოკლე და საქმიანი გამოდგა. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა განაცხადა, ინფრასტრუქტურული მომსახურების ხარჯების დაფარვას დაახლოებით 300 000 ლარი სჭირდება. ამ თანხის გამოყოფა იანვრიდან დაიწყება. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ამ კუთხით პრობლემები აღარ შეიქმნება. გამგებლის სიტყვებს გულშემატკივართა მხრიდან სასიხარულო შეძახილები და ოვაცია მოჰყვა.
შეხვედრის შემდეგ ფანკლუბის სახელით კომენტარი ჟურნალისტმა ალეკო კაკაურიძემ გააკეთა:
,,როგორც კლუბის პრეზიდენტმა ბატონმა ილია კოკაიამ ბრძანა, თუ გამგეობის მხრიდან თანადგომა იქნება, იგი მზადაა კლუბში მუშაობა კვლავ ძველი შემართებით გააგრძელოს. ეს კი გულშემატკივრებს მომავლის იმედს გვისახავს. ვფიქრობთ, ჩვენი გუნდი სათანადოდ გაძლიერდება და სულ მოკლე ხანში იგი თავის სიტყვას იტყვის საქართველოს ჩემპიონატში და ასევე ანგარიშგასაწევი ძალა გახდება ევროსარბიელზე’’.
ვახტანგ დათიაშვილი ზესტაფონიდან