გურიის მხარის ოლიმპიური კომიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თაოსნობით, ოზურგეთის სპორტის სასახლის წინ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონის ვახტანგ ბლაგიძის ვარსკვლავი გაიხსნა.
ცერემონიალს დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები.
ლევან ყიფიანმა ტიტულოვანი ფალავანი სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა. ვახტანგ ბლაგიძე დაჯილდოვდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის - ფილას ოქროს ორდენითაც.
”ორი და ოთხი ოლიმპიური ჩემპიონი კი არ უნდა გვყავდეს, არამედ ბევრი ასეთი უნდა გაიზარდოს. გურიიდან ოთხი ოლიმპიური ჩემპიონია. მინდა მათმა რიცხვმა იმატოს” - დაჯილდოების ცერემონიალზე თქვა ვახტანგ ბლაგიძემ.
გუშინდელი დღე მარტო ჯილდოების გადაცემითა და ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალით არ შემოფარგლულა. ოზურგეთის სპორტის სასახლეში დაიწყო ვახტანგ ბლაგიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირიც, რომელიც ტრადიციული გახდება. ტურნირზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ნაკრებებთან ერთად სომხეთის გუნდმაც იასპარეზა. უნდა ჩამოსულიყვნენ აზერბაიჯანისა და რუსეთის გუნდებიც, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა.
ვახტანგ ბლაგიძის ოლიმპიური ვარსკვლავი თბილისში - ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტშიც გაიხსნება.