კალათბურთი

16:41 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

უნგრელთა მწვრთნელი: “საქართველო უნგრეთზე ძლიერია, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ”

ითამაშებს თუ არა ადამ ჰანგა – ამ ინფორმაციას უნგრელები სახელდახელოდ მალავენ. უნგრელების გამორჩეულმა კალათბურთელმა პორტუგალიასთან, 10 აგვისტოს არ ითამაშა. მას ტრავმა აწუხებდა, თუმცა დღეს, საქართველოსთან მატჩში, სავარაუდოდ, მოედანზე იქნება.

უნგრელთა ხორვატმა მწვრთნელმა სტოიან ივკოვიჩმა მცირე ინტერვიუში გვითხრა, ექიმების პასუხს ველით და ჰანგას საკითხის ამის შემდეგაც გადაწყდებაო. უნგრელთა თავკაცს დღეს, დილის ვარჯიშის შემდეგ გავესაუბრეთ...

- წინა მატჩში პორტუგალიაში გაიმარჯვეთ, 2 კვირით ადრე კი პორტუგალიამ ამხანაგურ მატჩში მოგიგოთ. რას იტყვით ამ 2 განსხვავებულ შედეგზე?

- პორტუგალიამ 2 წლის წინ საკვალიფიკაციო ტურნირში მოგვიგო, ასე რომ ჩვენ რევანში გვქონდა ასაღები და ეს მოვახერხეთ. ამხანაგურ მატჩს რაც შეეხება, ეს მხოლოდ მზადებაა და სერიოზულ მნიშვნელობას მის შედეგს არ ვაქცევ.

- გუნდში თითქმის არ გყავთ ლეგიონერები. ეს რის გამოა?

- უცხოეთში მოთამაშე მხოლოდ ადამ ჰანგაა, რომელიც ტრავმირებულია და ითამაშებს თუ არა დღეს, მატჩის წინ, ექიმების საბოლოო დასკვნის შემდეგ გაირკვევა. ჩვენ არ გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც დიდ კლუბებში თამაშობენ. ეროვნულ ნაკრებში თამაში მათი შანსია. ისინი მაქსიმუმს აკეთებენ უნგრეთის ნაკრებისთვის.

- რატომ არ გყავთ ცნობილი ნატურალიზებული კალათბურთელი?

- ნატურალიზებული მოთამაშე კი გვყავს, მაგრამ ჩვენ მისთვის საგანგებოდ არ მიგვიცია მოქალაქეობა. ჯერმეინ ტომასი 8 წელია უნგრულ კლუბებში თამაშობს და მან მოქალაქეობა თავისთავად მიიღო. ის არ განეკუთვნება იმ კატეგორიის კალათბურთელებს, რომლებსაც ევროპული ნაკრებები მოქალაქეობას აძლევენ, თუმცა, ჩვენს გუნდში ტომასს საკუთარი ადგილი უკავია.

- როგორ შეაფასებთ საქართველოს ნაკრებს და მატჩში შანსებს?

- ჩვენთვის საპატიოა იგორ კოკოშკოვის და მისი გუნდის წინააღმდეგ თამაში. საქართველოს ნაკრები უნგრეთზე მაღალი კლასისაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იოლად რამეს დავთმობთ. ჩვენი გუნდი მოსაგებად ითამაშებს და მჯერა, საწადელს მივაღწევთ.

 უნგრეთის ნაკრების ვარჯიში

https://www.youtube.com/watch?v=s5t3U-SX8cA

www.gbf.ge

0.145429