ქუთაისის ,,ტორპედოს’’ ბოლო ორი შეხვედრის გამართვა დედაქალაქში მოუხდა. ისინი ჯერ თბილისის ,,დინამოსთან’’ მატჩის უკანასკნელ წუთზე დამარცხდნენ, ხოლო შემდეგ, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში, ცხინვალის ,,სპარტაკი’’ პენალტების სერიაში დაამარცხეს.
შინ დაბრუნებულ ქუთათურებს სიურპრიზი ელოდათ. პირველი ვარჯიშის შემდეგ ქუთაისის ,,ტორპედოს’’ საწვრთნელ ბაზაზე განახლებული სამზარეულო გაიხსნა. გარდა მოწესრიგებული ინტერიერისა, შენობა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით და დიდ ეკრანიანი ტელევიზორითაა აღჭურვილი. გუნდის წევრებთან ერთად სამზარეულოს გახსნას მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ, რომლებსაც განახლებულ გარემოში პირველი ვახშმით გაუსმასპინძლდნენ. გუნდის მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსამ და კაპიტანმა მაქსიმე ქვილითაიამ სიმბოლურად გაჭრეს ტორტიც, რომელზეც ,,ტორპედოს’’ ლოგო იყო გამოსახული.
ვახშმის შემდეგ, კომენტარი კლუბის აღმასრულებელ დირექტორს ვთხოვეთ.
გიორგი პაპიაშვილი: ,,ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან სასიამოვნო სიურპრიზი გამოვიდა. ბიჭებს ბოლო თამაშების გამართვა თბილისში მოუხდათ და მათ არყოფნაში შევეცადეთ სასადილო შენობის რეაბილიტაცია დაგვესრულებინა. სამზარეულო ევროპულ დონეზეა მოწყობილი და ყველა თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს. რაც შეეხება კვებას, ყველაფერი ნატურალური პროდუქტებით მზადდება. შენობა ულტრათანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი. აქ ყველა პირობაა შექმნილი 50-მდე ფეხბურთელის მისაღებად. ეს კი საშუალებას გვაძლევს ძირითად გუნდთან ერთად დუბლშემადგენლობამაც ისადილოს.
ჩვენი კლუბი დღითიდღე ვითარდება. მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ და მომავალშიც ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი. განვაგრძობთ ბაზის კეთილმოწყობას. გვინდა, რომ ეს ყველაფერი მომავალში ,,ტორპედოს’’ დიდი წარმატებების საწინდარი გახდეს.