7 სექტემბერს, ქუთაისის „ტორპედო“ ამხანაგური მატჩის გასამართად ქობულეთს ეწვია და „ჩელე არენაზე“ ადგილობრივ უმაღლესლიგელ საფეხბურთო კლუბ „შუქურას“ (მწვრთნელი – ამირან გოგიტიძე) გაეჯიბრა.
ქუთაისელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, შეხვედრას ტრავმების მიზეზით „ტორპედოდან“ ვალერი აბრამიძე, ვაჟა ტაბატაძე, ალექსი ბენაშვილი და მამუკა ღონღაძე აკლდნენ. ეს უკანასკნელი მისი მშობლიური ქალაქის გუნდს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე ვეღარ დაეხმარება.
ქობულეთურ მატჩში გამარჯვებული ერთადერთმა გოლმა გამოავლინა, რომელიც 28-ე წუთზე, მასპინძელთა რიგებიდან ლეგენდარული ვეტერანი ფეხბურთელის რევაზ ჩელებაძის (ამჟამად, იგი „შუქურას“ პრეზიდენტია) ვაჟმა გიორგი ჩელებაძემ დაახლოებით 25 მეტრის მანძილიდან გაიტანა.
რასაკვირველია, შანსები ორივე კართან მრავლად იყო, თუმცა უფრო ახლოს გოლთან ზღვისპირელები იყვნენ. საბოლოოდ, 1:0 ქობულეთელთა სასარგებლოდ.
„შუქურა“: ჯიოევი (კაკალაძე 48), კალანდაძე, ხოჭოლავა (ლობე 46), ბერუაშვილი, გურული (ჩელებაძე 74), კუტალია (ჩალაძე 57), კუხიანიძე (კომახიძე 69), ჩაფიძე, ჩელებაძე (მესხი 61), კომახიძე (ტაკიძე 46), ზ. ტუღუში (მეტრეველი 46).
„ტორპედო“: თებიძე (ბობღიაშვილი 46), მახვილაძე (ელიავა 46), თოდუა, ჩაკვეტაძე (მამასახლისი 67), გიორგაძე (ქებურია 29, დუდუჩავა 73), ბონდარენკო, ჩიკვილაძე (ჩადუნელი 57), დრევალი (გოგიჩაიშვილი 64), ბაბუნაშვილი (ბ. ტუღუში 46), მარკოზაშვილი (კვასხვაძე 46, შენგელია 67), კვერნაძე (ფიფია 46).
მსაჯი: ილია ტუღუში (ლანჩხუთი).
ჩემპიონატის განახლებამდე ქუთათურები მეტ საკონტროლო შეხვედრას აღარ გამართავენ. შეგახსენებთ, რომ მომდევნო კალენდარულ მატჩს „ტორპედო“ 12 სექტემბერს სტუმრად ცხინვალის „სპარტაკთან“ ჩაატარებს.