სხვა

16:03 | 24.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინიმ კაჩიკოში გაიფორმა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელიც უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მე-8 მაეგაშირას ტიტულითა და ტოჩინოშინის შიკონათი ირჯება, დადებით ბალანსზე ანუ კაჩიკოშზე “გასვლა” ნოემბრის ბაშოს მე-10 დღეს მოახერხა. გორგაძეს წოდებაში დაწინაურება განაღდებული აქვს და ახლა, იმაზე უნდა იზრუნოს, რომ ეს წინსვლა მაქსიმალური იყოს, ამასთანავე კი გონებიდან არც “იმპერატორის თასისთვის” ბრძოლის სურვილი უნდა “ამოიგდოს”.
ელიტარულ სუმოში ყველაზე ახალგაზრდა – 22 წლის სეკიტორმა მე-8 გამარჯვება იაპონელ ტამანოშიმასთან მიითვალა. შერკინების სტარტისთანავე, ტოჩინოშინმა მოძრაობა მარცხნივ გააკეთა და ექს-სეკივაკე აწ კი მე-7 მაეგაშირას ტიტულის მქონე მეტოქე მავაშით (ქამარი) დაიჭირა. ტამანოშიმამ ცოტა კი გაიბრძოლა, თუმცა, ქართველის იორიკირის ვერ გაუძლო და დოჰიოს მიღმა გასვლა მოუხდა.
ფუკუოკას “კოკუსაი სენთერში” მიმდინარე წლის დასკვნითი სუპერტურნირის 10 დღის თავზე, ლევან გორგაძემ 8 გამარჯვება მოაგროვა, მასზე უკეთესი ბალანსი კი მხოლოდ სამ სეკიტორს გააჩნია. მონღოლ იოკოძუნებს ასაშორიუსა და ჰაკუჰოს მარცხის სიმწარე ჯერაც არ შეუგრძვნიათ, მე-9 მაეგაშირა იოშიკაძეს კი 1 შერკინება აქვს წაგებული.
ტოჩინოშინისგან განსხვავებით, საქმეები ცუდად მისდის კოკაის მეტსახელით ცნობილ ლევან ცაგურიას, რომელმაც ნოემბრის ბაშოზე მე-6 მარცხი განიცადა და თუკი წოდებაში დაქვეითება არ სურს, დარჩენილი 5 ბრძოლიდან 4-ში უნდა იმარჯვოს.
კოკაი ჯერ კიდევ სამი წლის წინ რანგით მე-4 კომუსუბის ტიტულს ატარებდა, ფუკუოკას ტურნირს კი მე-10 მაეგაშირას წოდებით შეხვდა და ახლა, მისი დაცვისთვისაც დიდი ბრძოლა მოუწევს. გასულ ტურში ცაგურია მისთვის უხერხული მარჯვენა მხრიანი დგომიდან (მიგი-იოცუ) გამოსვლას ცდილობდა, როდესაც მე-13 მაეგაშირა ტოსაიუტაკას იორიკირი “გაეპარა” და დოჰიო დამარცხებულმა დატოვა.
ნოემბრის ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე 7 შერკინების მომგები მე-13 მაეგაშირა მოკონამი იქნება, კოკაის პირისპირ კი მე-12 მაეგაშირა ტოიოჰიბიკი დადგება, რომელსაც ქართველის დარად, ზურგს მხოლოდ 4 გამარჯვება უმაგრებს.
დასასრულს უახლოვდება სახელოვანი ჩიოტაიკაის კარიერა, რომელმაც მე-8 მარცხი განიცადა და ზედიზედ მეთოთხმეტედ კადობანიდან (სიტუაცია, როდესაც ოძეკის ტიტულის დაკარგვა ემუქრება) გამოსვლა ვერ მოახერხა. ლეგენდარული იოკოძუნა ტოიონოფუძის (ამჟამად ოიაკატა კოკონოე) შეგირდმა ოძეკის რანგში 65 ბაშოზე იასპარეზა, მაკეკოშის დაფიქსირების შემდეგ კი, ფუკუოკას ბაშოდან მოხსნის შესახებ განცხადება გააკეთა.
აღნიშნულის მიუხედავად, 33 წლის ვეტერანს დოჰიოზე მომავალ წელსაც ვიხილავთ. პროფესიული სუმოს წესების თანახმად, სეკივაკეს წოდებამდე დაქვეითებულ სეკიტორს მეორე იერარქიულ დონემდე აღზევება იმ შემთხვევაში შეუძლია, თუკი მომდევნო ბაშოზე მინიმუმ 10 შერკინებას მოიგებს. ჩიოტაიკაი სწორედ ამ შანსს ებღაუჭება, თუ არადა, სახელოვანი კარიერის დასრულების შესახებ მარტშივე განაცხადებს.
დასასრულ რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონზეც ვთქვათ, სადაც გაგამარუს შიკონათი მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმა მე-6 მარცხი განიცადა. მე-14 ნომრად განთესილი ქართველი სეკიტორი მაკუშიტას დივიზიონის მე-2 ნომერ სურუგაცუკასასთან იორიკირით დამარცხდა და კოკაის დარად, კაჩიკოშის მისაღწევად, 4 ბრძოლის მოგება ესაჭიროება.
2009 წლის დასკვნითი სუპერტურნირი, ტრადიციულად, 15 დღეს მიმდინარეობს და 29 ნოემბერს დასრულდება.

 

დათო მანჯავიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09771