მიუნხენის “ბაიერნის” ახალშენაძენმა, ესპანელმა ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ კატალონიური “ბარსელონადან” წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
შკყ შპორტს-თან ინტერვიუში 22 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ესპანური გრანდის ხელმძღვანელობისგან დარჩენასთან დაკავშირებით წინადადებას ელოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და მანაც “ბაიერნს” მიაშურა.
“მსურდა, რომ დავეფასებინე. მთელი ზაფხულის პერიოდში “ბარსელონასგან” წინადადებას ველოდი და ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც ლოდინმა აზრი დაკარგა. კლუბმა არაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ შევენარჩუნებინე და გუნდის დატოვებაც ამიტომ გადავწყვიტე. იცოდნენ, რომ წასვლაზე ვფიქრობდი და კლუბიდან არავინ დამიკავშირდა, რათა დარჩენა შემოეთავაზებინათ. ნებისმიერ შემთხვევაში, უკან ყურებას წინ სიარული სჯობს.
მიუნხენი საოცარი და სასიამოვნო ქალაქია. კლუბსა თუ ქალაქში, ადამიანები ადაპტაციის იოლად გავლაში მეხმარებიან. “ბაიერნი” მუდამ ნომერი პირველი ვარიანტი იყო ჩემთვის”, - თქვა ალკანტარამ.
“ბაიერნში” გადასვლამდე, თითქმის მთელი თვის განმავლობაში არ წყდებოდა საუბრები, რომ ტიაგო კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებდა. ფეხბურთელის მამამ ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც კი განაცხადა, რომ მის შვილს მანჩესტერულ გრანდში გადასვლამდე მხოლოდ ფორმალობები აშორებდა, მაგრამ თავად ტიაგო ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებას უარყოფს.
სიმართლე ისაა, რომ მანჩესტერელები საერთოდ არ დამკავშირებიან. ეს ჭორები პრესაშო გავრცელდა და აბსოლუტურად გამოგონილია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, “მანჩესტერის” მოდელს არ მოვერგებოდი”, - დაამატა ტიაგო ალკანტარამ.