ჭადრაკი

22:06 | 7.12.2010 | ნანახია 2132 - ჯერ

თბილისში ჭადრაკის მოყვარულთა კლუბი გაიხსნა

ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლეში ჭადრაკის გულშემატკივართა კლუბი გაიხსნა. კლუბში, ყოველდღიურად, ჭადრაკის ფედერაციის სამუშაო საათებში, მოეწყობა საქართველოსა და მსოფლიოს საერთაშორისო ტურნირების ცენტრალური პარტიების პირდაპირი ტრანსლაცია. აღნიშნულ პარტიებს, მსვლელობის დროს, კომენტარს ქვეყნის წამყვანი დიდოსტატი მოჭადრაკეები გაუკეთებენ.
ჭადრაკის გულშემატკივართა კლუბში პირველი პირდაპირი ტრანსლირება, თურქეთის ქალაქ ანტაკიადან განხორციელდა, რომელიც ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირის მთავარი პრიზისთვის ბრძოლაში ოთხი ქართველი მოჭადრაკე (მაია ჩიბურდანიძე, ნანა ძაგნიძე, სოფო ხუხაშვილი, მაია ლომინეიშვილი) ჩაება, რომელთაგან მომდევნო ეტაპის საგზური ჩიბურდანიძემ, ძაგნიძემ და ხუხაშვილმა მოიპოვეს.
როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ პირდაპირ ტრანსლირებაში მონაწილეობის უფლება მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონ მაია ჩიბურდანიძეს ერგო, რომელიც მეორე წრეში ჩინელ ქსუე ჟაის ეთამაშება. აღნიშნული შეხვედრის პირველი პარტია ჩინელი მოჭადრაკის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც თეთრი ფერის ფიგურებით თამაშობდა. ჩიბურდანიძე - ჟაოს განმეორებითი შეხვედრა 8 დეკემბერს ჩატარდება.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან ერთად, ჭადრაკის გულშემატკივართა კლუბის პრეზენტაციას მანუჩარ მაჩაიძე (ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, ჭადრაკში პირველთანრიგოსანი), ნანა ალექსანდრია (საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ვიცე-ჩემიონი), ჯამლეთ ხუხაშვილი (ტელეკომენტატორი), დუტა სხიტლაძე (თელავის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი) და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ვაჟა შუბლაძე ესწრებოდნენ.
გთავაზობთ ინტერვიუს გია გიორგაძესთან, რომელსაც “მსოფლიო სპორტი” გულშემატკივართა  კლუბის გახსნასთან დაკავშირებით ესაუბრა.
-    ჭადრაკის მოყვარულთა კლუბის წესდება თუა შემუშავებული?
-    ჯერჯერობით, წესდება არაა და თუ საჭირო გახდა, არც ეგ არის პრობლემა.
-    ვის შეუძლია იყოს აღნიშნული კლუბის წევრი?
-    ჭადრაკის მოყვარულთა კლუბში გაწევრიანება ყველას შეუძლია, ვისაც სპორტის ეს სახეობა უყვარს. კლუბის წევრებს აქვთ უფლება თვითონ აირჩიონ კლუბის ხელმძღვანელობა
-    კლუბი რომელ დღეებში და რომელ საათებში იფუნქციონირებს?
-    აღნიშნული კლუბი სამუშაო დღეებში, 10.00 დან 18.00 საათამდე იფუნქციონირებს. თუ ძალზე მნიშვნელოვანი პარტიების ტრანსლირება იქნება, მაშინ კლუბი, მაქსიმუმ, 21.00 საათამდე გააგრძელებს მუშაობას.

როლან ლაბუჩიძე

Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:21 | 11.12.2010
niamora2010 (1941)

სად უნდა მივიდეს ხალხი ,თუ გაწევრიანება სურს.დრო მიდის

10:40 | 10.12.2010
stumari (73)

მე მგონი მოვიდა დრო ნანაც გადაიღალა ბოლოს და ბოლოს,ახლავეა საჭირო ამ ნაკრების წევრებს დავამატოთ კიდევ 1,2,3 მოჭადრაკე და უცხოელი მწვრთნელის(მოვიწვიოთ 2-3 სერიოზული მწვრთნელი) დახმარებით მოვაწყოთ მათთვის ვარჯიშები,თუნდაც უმაღლესი ლიგის შემდეგ

22:37 | 07.12.2010
asa (519)

ეს კლუბი უფრო ადრე უნდა გახსნილიყო,თუმცა არასოდეს არაა გვიან.მხოლოდ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.074343