27-28 ივლისს თბილისი სამი-სამზე კალათბურთში საინტერესო ტურნირს – “თბილისი ჩელენჯს” უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით დღეს, საკალათბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” ბაზაზე პრესკონფერენცია გაიმართა. დამსწრეთ მომავალი ღონისძიების თაობაზე ორგანიზატორი, თბილისის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ ნაცვლიშვილი ესაუბრა. მის გარდა პრესკონფერენციას საქართველოს ნაკრების წევრი ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ვეტერანი კალათბურთელი ირაკლი ხოშტარია და სუპერლიგის მოქმედი კალათბურთელები დაესწრნენ.
“ქუჩის კალათბურთის წინა ტურნირებისგან განსხვავებით, “თბილისი ჩელენჯზე” მონაწილეობის უფლება მხოლოდ პროფესიონალ კალათბურთელებს ექნებათ. ეს ტურნირი მსოფლიო ტურის ციკლშია ჩაბმული და ფიბას ეგიდით ტარდება. ამრიგად, აუცილებლად ტრადიციული უნდა გახდეს. თბილისური ტურნირის გამარჯვებული კიევურ შეჯიბრებაზე გაემგზავრება. უკრაინიდან ორი საუკეთესო კლუბი პრაღაში გადაინაცვლებს ევროპის მხარის საფინალო ტურნირზე. ბოლოს კი მსოფლიოს უძლიერესი კლუბი ოქტომბერში სტამბოლში გამოვლინდება. წინ ძალიან საინტერესო დღეები გველის და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი “თბილისის ჩელენჯით” დიდ სიამოვნებას მიიღებს. არ მინდა, საპრიზო ფონდზე წინასწარ დავკონკრეტდე. მხოლოდ ერთს ვიტყვი, გამარჯვებული გუნდი სოლიდურ ჯილდოს მიიღებს. რაც შეეხება მოყვარულ კალათბურთელთათვის დაწესებულ შეზღუდვას, ამის უმთავრესი მიზეზი პროფესიონალთა ტრავმიანობის რისკის შემცირებაა. რა თქმა უნდა, სათამაშო კლასში განსხვავებაც” – განაცხადა ვახტანგ ნაცვლიშვილმა.
ტურნირზე გამოსვლის მსურველთა განაცხადების მიღება 23 ივლისამდე გაგრძელდება. შემდეგ კი წილისყრა გაიმართება, რომელსაც ფიბას წარმომადგენელი დაესწრება. ირაკლი ხოშტარიას განცხადებით, ძალიან დიდი კონკურენციაა მოსალოდნელი და გამორიცხული არაა, წინასწარი შესარჩევი ეტაპების ჩატარებაც კი გახდეს საჭირო. ფინალურ ტურნირზე კი, ბოლო ინფორმაციით, 16 გუნდი გამოვა.
სპეციალურად “თბილისი ჩელენჯისთვის”, უცხოეთიდან ორ ასაწყობ მოედანს ჩამოიტანენ, რომლებიც ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება. პროფესიონალ კალათბურთელთა განსაკუთრებული მოწონება კი იმან გამოიწვია, რომ თამაშები სპეციალურ საფარზე გაიმართება და არა ასფალტზე.
ტრავმიანობის რისკის შემცირებაზე ყურადღება ნიკოლოზ ცქიტიშვილმაც გაამახვილა. საქართველოს ნაკრების წევრმა განაცხადა, რომ მომავალი ტურნირი მოქმედი და დამწყები კალათბურთელებისთვის დამატებითი სტიმული იქნება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოსაჩენად.
დაბოლოს, ისევ ვახტანგ ნაცვლიშვილის კომენტარი:
“სამი-სამზე კალათბურთში საქართველოში ბოლო დროს გამოცოცხლება იწყება, რაც ძალიან სასიამოვნოა. ჩემი აზრით, ქართველები ინდივიდუალურად თამაშში ძალიან ძლიერები ვართ და შესაბამისად, საერთაშორისო დონეზე წარმატების რეალური შანსი გვაქვს. იმედია, “თბილისი ჩელენჯის” ჩემპიონი თავს არც საერთაშორისო დონეზე შეირცხვენს”.