სხვა

13:07 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

სოჭის ოლიმპიადა NHL-ის მოთამაშეთა გარეშე?

მოახლოებულმა ზამთრის ოლიმპიურმა თამაშებმა სოჭში შესაძლოა NHL-ის მოთამაშეთა გარეშე ჩაიაროს. როგორც ჰოკეის ეროვნული ლიგის ვიცე-პრეზიდენტმა ბილ დეილმა განაცხადა, არ არის გამორიცხული, ორგანიზაციამ სოჭში მოთამაშეთა გაშვება გადაიფიქროს თუ რუსეთში რაიმე სახის არაჯანსაღი, საშიში სიტუაცია შეიქმნება.

“ამ ეტაპზე დარწმუნებულნი ვართ, რომ “სოჭი 2014”-ის საორგანიზაციო კომიტეტი, რუსეთის ხელისუფლება და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა სპორტსმენებისთვის და სტუმრებისთვის უსაფრთხოების მხრივ ყველაფერი რიგზე იყოს. იმედია, 9 თებერვლამდე ისეთი რამ არ მოხდება, რაც აზრს შეგვაცვლევინებს და ჩვენს გადაწყვეტილებაში კორექტივებს შეგვატანინებს” - ციტირებს დეილის სიტყვებს კანადური ტელეარხი “TSN”.

ბილ დეილის განცხადებასთან დაკავშირებით კანადური პრესა გვახსენებს, რომ ვითარება სოჭში არც ისე მარტივადაა. რუსეთის სპეცსამსახურები სამ მანდილოსან თვითმკვლელს ეძებენ, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქში აფარებდეს თავს. როგორც ცნობილია, სოჭს და მის შემოგარენს უკვე იცავს 50 ათასამდე პოლიციელი და ჯარისკაცი.

NHL-ის ვიცე-პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ მომავალში, ლიგა მოთამაშეებს მხოლოდ იმ მატჩებში დართავს მონაწილეობის უფლებას, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გაიმართება.

www.geonoc.org.ge

0.116082